გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი აბაშიშვილმა შევედრები გამართა  ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში აზიმ სადიკოვთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურ დირექტორთან კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერასთან და საქართველოში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ იოსებ მელითაურთან.

მათივე განმარტებით, შეხვედრისას მხარეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაო ვერსია სავალუტო ფონდის ორი პროგრამის Safeguard-ისა და FSAP-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა. 
აღსანიშნავია, რომ გიორგი აბაშიშვილმა ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია ასევე მიაწოდა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს საქართველოში ქეით ჯულიანის. 
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი აღნიშნული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით მომავალ კვირას კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების და ბიზნეს ასოციაციების წარმომამადგენლებთან, ასევე ექსპერტებთან ეკონომიკის საკითხებში და ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს წევრებთან - ეროვნული ბანკის საბჭოსთან გამართავს.