პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, "გათავისუფლდეს "ნაციონალური მოძრაობის" ზეგავლენისგან. 
არასამთავრობო ორგანიზაციებმა "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, "ახალგაზრდა უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა ლექსო კობაიძემ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალება გააპროტესტეს. 

როგორც აქციაზე "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც აკაკი ბობოხიძემ მედიაში გააკეთა განცხადება, რომ შემოდგომიდან დაიწყება ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აკაკი ბობოხიძეს საჩუქარი გაუკეთა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ლევან ბობოხიძე შეიწყალა. 

მისივე თქმით, ლევან ბობიხიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ ჯიბუხიასთან, ხონის გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძესთან ერთად რამდენიმე ხნის წინ ხე-ტყის უკანონო განკარგვისთვის იყვნენ დაპატიმრებულები. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს. აქციაზე ნიკოლოზ მჟავანაძემ ასევე გააკრიტიკა შეწყალების კომისია და განაცხადა, რომ არაერთი განცხადება არის შესრული კომისიაში იმ პირების მხრიდან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იდევნებოდნენ და მათი საქმეები არ განხილულა. მათივე თქმით, ახლა კი, პრეზიდენტი იწყალებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. 

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვეში მზადდება მერაბიშვილის, ახალაიას და უგულავას შეწყალება. მათ სასჯელი შეუმცირდებათ, რაც ამ პირებს მისცემს საშაულებას ციხის კედლები დატოვონ", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ. 

"ახალგაზრდა უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელის ლექსო კობაიძის თქმით კი, მარგველაშვილის მიერ ლევან ბობოხიძის შეწყალების ფაქტი პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციაა. მან მოუწოდა მარგველაშვილს გათავისუფლდეს "ნაციონალური მოძრაობის" ზეგავლენისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაც არ უნდა გადაადგილდეს ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან.