"ნაციონალური მოძრაობა" სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს , რომელშიც პრემიერ ღარიბაშვილს მოუწოდებს მათი ინიციატივის საკითხზე მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვიოს. 

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ყოველთვიურად ათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება.

დავით სერგეენკოს მიერ 2014 წლის დეკემბერში შემოღებულმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა მეთოდოლოგიამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 40,000 ადამიანი დატოვა შემწეობის გარეშე. მათგან 11,000 პენსიონერია, უმეტესად მარტოხელა მოხუცები.

ამით მთავრობა თვეში 2 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.
ათი ათასობით ადამიანისთვის საარსებო შემწეობის მოხსნის ფონზე ცინიკურად გამოიყურება პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენის ტარიფის ნამატს სახელმწიფო დაუფარავს. 

რა ქნან იმ ადამიანებმა ვინც, სერგეენკოს მიერ შემოღებული არასწორი მეთოდოლოგიის გამო მაღალი ქულები მოუვიდათ და საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენენ? 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე დღეს აძლევს პრემიერ ღარიბაშვილს, მოიწვიოს მთავრობის საგანგებო სხდომა და მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოყრილი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.