საქართველოს პარლამენტი მთავრობას მიმართავს, განიხილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულების საკითხი.
ეს არის ერთ-ერთი პუნქტი რეზოლუციიდან, რომელიც გუშინ პარლამენტმა 82-ხმით მიიღო. "ინტერპრესნიუსი" პარლამენტის რეზოლუციას, სახელწოდებით - "რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შემდგომ, ომის შედეგად, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
შექმნილ რთულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, ისევე როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის ფუნქციის გაძლიერება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიის განუხრელი რეალიზაცია.
სუვერენიტეტის შენარჩუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის ეკონომიკური, სოციალური თუ სამოქალაქო უფლებების დაცვის გარანტიების შექმნა, საქართველოსთან მიმართებაში ერთიანი საერთაშორისო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა - ესაა საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის წინაშე დასმული ამოცანა.
სწორედ ამ ამოცანების პრიორიტეტულობის, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პოზიციების რადიკალური დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებების გზა აირჩია რუსეთთან ურთიერთობების მოსაგვარებლად.
საგანგებო მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოების მხრივ, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური და ფინანსური თანადგომის შეუქცევადობას.
მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების, კონკრეტულად საქართველოს მიმართ, არ გამოხატავს ანალოგიურ პასუხისმგებლობას: მიმდინარე წლის 10 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან გამყოფი ხაზის კიდევ ერთი მონაკვეთის მონიშვნა, კერძოდ სოფელ ხურვალეთს, წითელუბანსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელორჭოსანს შორის.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება რომ რუსეთის მხრიდან ეს პროვოკაციული ქმედება განხორციელდა საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის უშუალო სიახლოვეს, იმ მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს ბაქო-სუფსის საერთაშორისო მილსადენის ნაწილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:
1. გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის, საკუთრებასა და გადაადგილებაზე ადამიანის უფლებებისუხეშად შელახვის, ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას.
2. აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედება უპირისპირდება საქართველოს ძალისხმევას რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და წარმოადგენს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის ხელშეშლის მცდელობას.
3. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
- ინტენსიურად გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში და ქვეყნებში, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში;
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილოს მითითებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული პატრულირების გაძლიერების, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი;
- უზრუნველყოს ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის აღრიცხვა, დონორული და საბიუჯეტო სახსრების მობილიზება მათთვის შემწეობის აღმოსაჩენად. ამ მიზნით გააქტიუროს 2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა;
- განიხილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხემოწერილი ხელშეკრულების შესრულების საკითხი.
4. მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე სტრატეგიის ჩამოყალიბებისათვის მუშაობის გააქტიურების თაობაზე და მიუთითებს ამ მიმართებით ძალისხმევის მუდმივი კოორდინირების აუცილებლობაზე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისა და კომისიის ფორმატში.
5. მოუწოდებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს, ინტენსიური პერიოდულობით უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და წევრი ქვეყნების დელეგაციების ინფორმირება საოკუპაციო ზოლთანმიმდინარე პროცესების შესახებ.
6. მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ საეხლმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, მათი ლიდერებისადმი, რომლებმაც ობიექტური შეფასება მისცეს მომხდარ ფაქტს და ახორციელებენ საქართველოს ინტერესების მუდმივ მხარდაჭერას".