სააკაშვილის მიერ დანგრეულ კედელს ოდესელი ბიზნესმენი ხელახლა აშენებს

სააკაშვილის მიერ დანგრეულ კედელს ოდესელი ბიზნესმენი ხელახლა აშენებს

ოდესელი ბიზნესმენი, ყოფილი სახალხო დეპუტატი ვასილი ხმელნიცკი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში მდებარე შემოღობილი სანაპირო ზოლი დაუნგრია, დანებებას არ აპირებს და კვლავ ღობის მშენებლობა დაიწყო. 

ოლიგარქების მიერ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემოღობილი ტერიტორია, ოდესის მოქალაქეებს ქალაქის საუკეთესო სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას არ აძლევდა. ოლიგარქს ის კერძო საკუთრებაში ჰქონდა მოქეული.

რამდენიმე დღის წინ, ოდესის ოლქის გუბერნატორმა აღნიშნული ბეტონის ღობე დაანგრია და აღნიშნა, რომ ის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, მილიარდერის მიერ ტერიტორიის უკანონოდ მითვისების ფაქტზე.
 
ბიზნესმენმა არაფრად ჩააგდო გუბერნტორის საქციელი და გუშინ საღამოს, ადგილზე მიყვანილმა მშენებლებმა, ღობის აღდგენა დაიწყეს.
 
ოლიგარქის ქმედებას თავად გუბერნატორი გამოეხმაურა და მოუწოდა ბიზნესმენს, რომ ნუ დაარღვევს კანონს და ნუ გამოცდის ხალხის მოთმინებას.
 
„ძვირფასო მილიარდერო ხმელნიცკი, ისარგებლეს რა იმით, რომ მე კიევში გავემგზავრე, თქვენმა წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს ღობის მშენებლობა, რითაც უკრაინის კოდექსს არღვევენ. არავინ ეხება თქვენს კერძო საკუთრებას და შეგიძლიათ წყნარად განაგრძოთ თქვენი სასახლეების ღობეებით გაშემორტყმა, მაგრამ ნუ ეხებით სანაპირო ზოლს და ნუ ცდით ხალხის მოთმინებას. შეიგნეთ, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება, ოდესელებს საუკეთესო სანაპიროს თუნდაც 1 კვადრატული სანტიმეტრი წაართვათ. თუ ვისარგებლო კიევში ყოფნით და ქალაქის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან ერთად გესტუმროთ და ვნახოთ თუ რა ტერიტორიები მაქვს ნანახი თქვენს მიერ უკანონოდ შემოღობილი? ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფერს შეგნებით მოეკიდებით“, - აღნიშნა სააკაშვილმა.