"კომპანიები უწყვეტ რეჟიმში ელექტროენერგიის მიწოდებას ვეღარ შეძლებდნენ, რაც დაუშვებელი იქნებოდა"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება, სავარაუდოდ თბილისშიც მოხდება.

მისი თქმით, როცა შესაძლებლობა იყო სემეკთან მოლაპარაკების შედეგად ტარიფის დაწევა მოხდა, თუმცა პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა.

„ტარიფის მომატება განაპირობა დოლარის გამყარებამ სხვა ვალუტებთან მიმართებაში, ასევე რეგიონში და მთელ მსოფლიოში არსებულმა რთულ ვითარებამ. მსგავსი პროგნოზი ასევე კეთდება თბილისის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ თბილისშიც მოხდება ტარიფის კორექტირება. მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენმა მთავრობამ, როცა ამის რეალური შესაძლებლობა იყო, ყოფილი პრემიერის ინიციატივით წამოვწიეთ ტარიფის თემა, აქტიურად ვიმუშავეთ სემეკთან, მივაღწიეთ შეთანხმებას და სამი წლის წინ ტარიფის შემცირება გახდა შესაძლებელი. მაშინ ტარიფი შემცირდა დაახლოებით ოთხი თეთრით. ეს იყო ერთადერთი ფაქტი და ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არცერთ ხელისუფლებას არ გადაუდგია. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე თანხა, ანუ ეს ის თანხაა, რასაც მოსახლეობა ზედმეტად იხდიდა წლების განმავლობაში. დღეს გვაქვს შეცლილი ვითარება, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში არამედ რეგიონში და ტარიფის კორექტირება გარდაუვალი გახდა 3.48 თეთრით. მიუხედავად მატებისა, მე მინდა განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი. კერძოდ, საქართველოზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს და ჩვენი საყოფაცხოვრებო ტარიფი 17%-ით ნაკლებია ვიდრე სომხეთის ტარიფი, 19%-ით არის ნაკლები ვიდრე მოლდავეთის და 38%-ით ნაკლებია ვიდრე ლიტვის. რაც შეეხება თურქეთის საყოფაცხოვრებო ტარიფს, ჩვენგან განსხვავდება 52%-ით“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, თუ სემეკი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, კომპანიები ელექტროენერგიის უწყევტ რეჟიმში მიწოდებას ვერ შეძლებდნენ, რაც მისი თქმით დაუშვებელია.

„თუ სემეკი, ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა სამწუხაროდ კომპანიები რომელსაც ფინანსური რესურსი არ დარჩათ, ვეღარ შეძლებდნენ უბრალოდ შესაბამისად განვითარებას, უწყვეტ რეჟიმში ელექტროენერგიის მიწოდებას, რაც რა თქმა უნდა იქნებოდა დაუშვებელი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას შეახსენა, რომ მთავრობამ არა მხოლოდ საუბრით, საქმითაც დაამტკიცა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში სოციალურად ორიენტირებულია.

"ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც მესამე წელია გვაქვს შედგენილი სწორედ ორიენტირებულია სოციალურ საკითხებზე. ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ მოსახლეობაზე სოციალური ხარჯები, რაც არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ შევძელით ბიუჯეტში მაქსიმალურად რაციონალურად, გონივრულად ხარჯების აკომულირება და სწორად მიზნობრივად განაწილება მოსახლეობისთვის, სოციალურად ორიენტირებულ საკითხებზე. კერძოდ, მე მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა ყველა კატეგორიის საპენსიო უზრუნველყოფით გათვალისწინებული გასაცემლები, რაზეც ამ სამი წლის განმავლობაში დამატებით მიიმართა 800 მილიონ ლარზე მეტი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გაორმაგდა საარსებო შემწეობა ჩვენი მთავრობის დროს სოციალურად დაუცველთათვის, რაშიც ამ სამი წლის განმავლობაში მიიმართა 250 მილიონი ლარი. ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამისთვის ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი გავეცით, რაც პირდაპირ მოსახლეობას მოხმარდა. დევნილებისთვის ჩვენ შემწეობები გავაორმაგეთ და ამ წლების განმავლობაში 50 მილიონ ლარზე მეტი იქნა გაცემული. მასწავლებელთა ხელფასები იქნა კორექტირებული, იქნა გაზრდილი რაზეც ჩვენ 300 მილიონ ლარზე მეტი მივმართეთ. მოსწავლის უზრუნველყოფა დავიწყეთ სასკოლო სახელმძღვანელოებით და ამ პროგრამისთვის დამატებით 50 მილიონი ლარი გამოვყავით. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 265 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი და მიმართული მოსახლეობაზე. ასევე, გაზის სუბსიდირებისთვის მიიმართა 50 მილიონ ლარზე მეტი. ესაა ჯამში 2 მილიარდ 230 მილიონი ლარი, რაც ამ სამი წლის განმავლობაში იქნა გამოყოფილი დამატებით, ჩვენი მოსახლეობისთის საჭირო, აუციელებლი ხარჯების დაფინანსებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.