საქართველო კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტს ვერ გაუძლებს – ქვეყანა გაიხერხება შუაში

საქართველო კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტს ვერ გაუძლებს – ქვეყანა გაიხერხება შუაში

საქართველო კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტს ვერ გაუძლებს – ქვეყანა გაიხერხება შუაში, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადებული ორი რეზოლუციის პროექტის განხილვისას გააკეთა.

სანიკიძის შეფასებით, წინა ხელისუფლებამ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის მოგვარების ახალი მეთოდი – ტერიტორიების დისკოთეკებით დაბრუნება მოიგონა, რაც არც ერთმა კონფლიქტმა არ იცის".

"ნაციონალური მოძრაობა" სულ საუბრობს: ჩვენ შევარდნაძის ხელისუფლებისგან უარესი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ და თქვენ უკეთესი ქვეყანა გადმოგეცით. ბევრ საკითხში ეს ასეა, მაგრამ ამ საკითხში არის პირიქით. თქვენ ქვეყანა გაცილებით უკეთეს პირობებში ჩაიბარეთ – შევარდანაძისგან "გაყინული კონფლიქტი" ჩაიბარეთ, ეს გაალღვეთ, ცეცხლი დაინთო და დღეს უმძიმეს ვითარებაში ვართ. გეტყვით, რომ თქვენი სტრატეგია დამღუპველი იყო. პირველი, რაც არ გააკეთეთ, იყო ის, რომ არ გამოიყენეთ ყაზბეგის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთის მაშინდელი ლიდერი ბორის ელცინი აწერს ხელს და სადაც რუსეთი სამხრეთ ოსეთის გაუქმებას აღიარებს. რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სწორედ ელცინის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა. თქვენ გააკეთეთ ის, რაც ღალატთან არის მიახლოებული -აღადგინეთ და ერთი უკანონო სამხრეთ ოსეთის მაგივრად, მეორე უკანონო სამხეთ ოსეთი მოგვეცით. ახალგორის მოსახლეობა, რომელიც არასდროს კონფლიქტის ზონის გადაფარვაში არ იყო, შეიყვანეთ, უკანონო სამხრეთ ოსეთის არჩევნებში მიაღებინეთ მონაწილეობა და დააკანონეთ საზღვრები, რაზეც რუსები გვეუბნებიან, რომ რაც თქვენ აღადგინეთ, ჩვენ ვართ ამ სამხეთ ოსეთის განმანთავისუფლებლები და ამიტომ ვართ აქ. აფხაზეთში უმაგალითო, უსამართლო ტერმინი - ზემო აფხაზეთი გამოაცხადეთ, რომელსაც 3000 წელი დალის ხეობა ერქვა. მთელი ხეობის მოსახლეობა მოღალატეებად, დამნაშავეებად გამოაცხადეთ, შეიყვანეთ შეიარაღებული ძალები და შემდეგ, თოფის დაუცლელად დაცალეთ კოდორი", - მიმართა სანიკიძემ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში დღევანდელი ხელისუფლების სტატეგია არის ტაქტიკური ქმედებები. სანიკიძის თქმით, "საქართველო დანაღმულ ველზეა შესული და არსებულ მდგომარეობაში დრო აქვს მოსაგები".

"ვითარება მსოფლიოში ძალიან გაურკვეველია. დასავლეთსაც ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული რუსეთთან ურთიერთოების პოლიტიკა. ამერიკელები ცოტა სხვანაირად ფიქრობენ, ევროპელები - სხვანაირად და იმ ევროპაში ცალ-ცალკე ფიქრობენ ცოტა სხვანაირად. ამ ჩამოყალიბების პროცესში ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ხიფათი. ჩვენი ხელისუფლების სტატეგიაა, მაქსიმალურად, თეორიაში დასაშვები ყველა ნორმით კონფლიქტისგან თავის არიდება, რადგან საქართველო კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტს ვერ გაუძლებს – ქვეყანა გაიხერხება შუაში, რისი დემონტრირებაც რუსებმა უკვე გააკეთეს", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე მსჯელობენ. განსახილველად წარდგენილია რეზოლუციის პროექტის ორი ვარიანტი – ერთის ავტორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", მეორე "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის.