დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებაზე განცხადებას აკეთებს

დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებაზე განცხადებას აკეთებს

უმრავლესობის წევრი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებაზე და ამ საკითხის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე განცახდებას აკეთებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ფაქტი, რითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, კატეგორიულად მიუღებელია.

"მჯერა, თითოეული ქართველისთვის, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ეს მტკივნეული თემაა. სწორედ ამიტომ, გასაგებია საზოგადოების ემოციური გამოხატულება, თუმცა, ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითზე მეტი წინდახედულება და გონიერება გვმართებს. გონიერება, არ ნიშნავს პრინციპების დათმობას, პირიქით, პრინციპული პოლიტიკა სწორედ გონივრულ ქმედებაში გამოიხატება.

არ მსურს კომენტარი გავაკეთო "ნაციონალურო მოძრაობის" შეფასებებზე ან მათი მხარდამჭერების მიერ საოკუპაციო ზოლთან მოწყობილ პროვოკაციებზე.

მსურს ვუპასუხო საზოგადოების მხრიდან დასმულ შეკითხვებს, თუ რატომ მოხდა, რომ დროებით გამყოფი საოკუპაციო ზოლი ლამის ავტომაგისტრალთან გადმოიტანეს. პასუხი მარტივია: ეს სწორედ მათი დამსახურებაა, ვინც დღეს დიდი პათოსით პრინციპული ქმედებებისკენ მოგვიწოდებს. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ ყოფილი ხელისუფლების აბსოლუტურად გაუგებერი და უნიჭო გადაწყვეტილებამ ე.წ. არჩევნებისთვის ცხინვალის რეგიონის შემადგენლობაში შეიყვანა ის ტერიტორიები, რაც მანამდე მის შემადგენლობაში არ ყოფილა. სწორედ აქ არის დღეს დროებით გამყოფი ზოლი. ახალგორის ტოლვილები კი მათი წყალობით, მცხეთის რაიონის მცხოვრებლები გახდნენ.

ახლოვდება 8 აგვისტო - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის ყველაზე დიდი კრახი და დიდი სირცხვილი. იმისთვის, რომ მოხდეს ამ შეცდომის სხვაზე გადაბარება, პირადად მე ამ დღეებში ველი მეტ აჟიოტაჟს და პროვოკაციებს ამ თემების ირგვლივ.

მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და შესამამისი უწყებები ჩვეული გონიერებით მოეკიდებიან ამ საკითხს და ეს გონიერება იქნება სწორედ ჩვენი პრინციპული პოლიტიკის გამოხატულება.

საზოგადოებას კი მსურს შგახსენოთ, ერთი ქართული ანდაზა: -"ბაბუის დამყნილმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო".

დღეს ჩვენ წლების წინ დამყნილი, არასწორი პოლიტიკის სიმწარეს ვიღებთ, მაგრამ ეს კიდევ უფრო მტკივნეული იქნება ჩვენი შთამომავლობისთვის თუ შესამაბმისი გონივრული პოლიტიკა არ ვაწარმოეთ", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.