პრეზიდენტის უფლებაა შეიწყალოს ადამიანები, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა

პრეზიდენტის უფლებაა შეიწყალოს ადამიანები, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ზურაბ აბაშიძე პრემიერ მინისტრის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას გამოთქვამს და აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ჭეშმარიტად ,,ნაციონალური" პრეზიდენტია.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის უფლებაა შეიწყალოს ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვთ.

,,ცოტა ხნის წინ მოვისმინე ღარიბაშვილის განცხადებები, რომ ის აღარ აპირებს არანაირ კრიტიკას პრეზიდენტის მიმართ და ორიენტირებული იქნებიან სახელმწიფოს მშენებლობაზე, პრობლემების დაძლევაზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. სამწუხაროდ, ვხედავთ საპირისპიროს. პრეზიდენტის უფლებაა შეიწყალოს ადამიანები, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა და ეს არის ჰუმანური აქტი, რაც სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ ესმის, რა არის ჰუმანიზმი, რა უფლებები აქვს პრეზიდენტს და რა უფლებები აქვს მთავრობას. ჯერ ამაში გაერკვნენ კარგად დაDდაინახონ რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი "სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს".

"ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი. გუშინ მან შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა. მას მიესაჯა პატიმრობა, პრეზიდენტმა კი შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს. იმედი მაქვს, რომ ის სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს, - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მან პენიტენციული რეფორმის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული მართვის ცენტრი გახსნა.