"თუ ივანიშვილი ათ საათამდე ვერ მოასწრებს გადაწყვეტილების მიღებას, ლოდინი მოგვიწევს"

მთავარი პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას, საპარლამენტო უმცირესობის წევრების მხრიდან მწვავე კომენტარები მოჰყვა.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი მისთვის მიუღებელია და აცხადებს, რომ პროკურორის დანიშვნის გადაწყვეტილების მიმღები მთავრობა იქნება, რადგან პროკურორის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტში მანამდე არ მივა, სანამ მას მთავრობა არ მოიწონებს.

როგორც მინაშვილმა აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას აღნიშა, ახლაც და მომავალშიც, მთავარ პროკურატურასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ბიძინა ივანიშვილი იღებს.

"არანაირ განხილვებს აზრი არ აქვს, რადგან საბოლოო ჯამში მოხდება ისე, როგორც 2012 წლიდან დაწყებული დღემდე ხდება - მთელი ძალაუფლების კონცენტრირება ერთი ადამიანის ხელში მოხდება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი. თუ ივანიშვილი 10:00 საათამდე მოასწრებს გადაწყვეტილების მიღებას ხომ კარგი, თუ დაიძინებს ბუნებრივია მეორე დღემდე მოგვიწევს ლოდინი. ამიტომ, კანონპროექტზე დავას მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.