ადვოკატი შესაძლოა, მთავარი პროკურორი ვეღარ გახდეს

ადვოკატი შესაძლოა, მთავარი პროკურორი ვეღარ გახდეს

საადვოკატო საქმიანობით დაკავებულ პირებს მთავარი პროკურორობის პერსპექტივა ერთმევათ. ამის შესაძლებლობას ადვოკატებს "პროკურატურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ართმევს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი – სამოსამართლეო ან საპროკურორო გამოცდილებით, მაგრამ არა ადვოკატი.

ადვოკატებისათვის განსაზღვრული შეზღუდვა არ მოსწონთ პარლამენტში. დეპუტატების პასუხად განმარტება დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ გააკეთა.

"ჩემთვის, როგორც ყოფილი ადვოკატისთვის, ადვოკატებთან დაკავშირებული საკითხი ძალიან სენსიტიურია. ეს ყველაფერი ინტერესთა კონფლიქტის გამო ხდება, თუმცა გთავაზობთ, საკითხზე დიკუსია მეორე მოსმენით განხილვის რეჟიმში გაგრძელდეს და თემა არ დაიხუროს", - განაცხადა ბარამიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

"პროკურატურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით იხილავენ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სრულიად ახალი წესით მოხდება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება. პროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაში ჩართული იქნება ახალი სტრუქტურა - ე.წ. საპროკურორო საბჭო, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ამ წუთებში კი, სესიაზე გადის.