ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰოვარდ დინიმ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰოვარდ დინიმ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, ვერმონტის ყოფილი გუბერნატორის, NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრის, ჰოვარდ დინისა და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრზე იმსჯელეს. ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობაზე, NDI-ის საქართველოში სამომავლო საქმიანობის გეგმებსა და პროექტებზე, "ღია მმართველობის პარტნიორობის" საკითხებზე.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.