ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენთან საუბრის მეორე ნაწილს საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროებს

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენთან საუბრის მეორე ნაწილს საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროებს

ექს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე ამბობდა ერთს, თუმცა, გააკეთა საპირისპირო.

როგორც "გურია News"-თვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი აღნიშნავს, მარგველაშვილი ჩასაფრებულია იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ის მოიყვანა და ცდილობს "ფანდი" დაუდოს.

"მარგველაშვილი ცდილობს, როგორმე დააზიანოს გუნდი. ახლაც პოლემიკაა დაადებს თუ არა ვეტოს, კანონი წაკითხულიც არ აქვს, მე მას პირველ კანონზეც შევეკამათე, როდესაც ვეტოს ადებდა. ვუთხარი ხომ ვიცი, რომ წაკითხულიც არ გაქვს-მეთქი, რას უნდა დაადო ვეტო რა გინდა-მეთქი. დღეს ამ თემაზე აღარ გვინდა, მე ვაპირებ ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრო. ზოგადად პრობლემა ის არის, რომ ეს კაცი, არჩევნების შემდეგ პრინციპულად შეიცვალა. გუნდმა მოიყვანა და მან იგნორი გაუკეთა პირველივე დღეს. ასეთი რამე მსოფლიო პოლიტიკაში ჯერ არ მომხდარა, ეს უპრეცედენტოა. ორი თვე, დღე და ღამე ვსაუბრობდით ჩვენ, თავიდან ბოლომდე გაუგებრობაში ვიყავით, ჩვენი საუბრის ნაწილი მე გავასაჯაროვე, ნაწილს თუ საჭირო გახდება გავასაჯაროვებ. მარგველაშვილს იმ შეკითხვებზე, რაც მე დავსვი, პასუხი არ გაუცია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხარჯებთან დაკავშირებულ გამოძიებას, როდესაც გრიფი საიდუმლო ედო, გიორგი მარგველაშვილმა გრიფის მოხსნაზე სამჯერ თქვა უარი. 

"როდესაც მიხეილ სააკაშვილზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა და მისი ხარჯების საქმეს გრიფი საიდუმლო უკანონოდ ედო, პრეზიდენტის პრეროგატივა იყო, რომ მოეხსნა გრიფი. სამჯერ მიმართა პროკურატურამ, რომ მოეხსნა, თუმცა, მარგველაშვილმა სამჯერვე უარი უთხრა გრიფის მოხსნაზე, თუმცა, როგორც გასაჯაროვდა, პროკურატურა არც კი უნახავს, მედიაში გააცხადა, რომ გრიფი საიდუმლო მოხსნილიაო. მან კარგად იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა. ეს არის საბუთი იმისა, რომ როგორც გაუსაჯაროვეს, მაშინვე განაცხადა, რომ მოხსნა გრიფი. ერთ-ერთი რაზეც მივანიშნე, ეს საკითხი იყო. ეს გააკრიტიკონ მისმა მხარდამჭერებმა, რატომ მივანიშნე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე, დააანონსა ისიც, რომ ოქტომბრისთვის, როდესაც არჩევნების პროცესი დაიწყება, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით სხვა დეტალებზეც ისაუბრებს.