13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული სერგო კაპანაძის ახლობლები სტიქიის ზონის ეპიცენტრში შეიკრიბნენ. დაკარგულის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ. სერგო კაპანაძის დის, მედეა კაპანაძის თქმით, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ 40 დღე გავიდა და სახელმწიფომ ცხედარი ჯერ კიდევ ვერ მოიძია.
"უკვე 40 დღე გავიდა, რაც სერგო კაპანაძე დაკარგულია. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ჯერ კიდევ ვერ მოიძია მისი ცხედარი, სულ სამი ადამიანია დაკარგულად გამოცხადებული. პრეტენზია გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მერიასთან. მერისგან ვითხოვ დასაბუთებულ არგუმენტებს, თუ რა გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი ძმის ცხედარი ეპოვნათ და რა სამუშაოები მიმდინარეობს ახლაც", - განაცხადა მედეა კაპანაძემ.
მისივე თქმით, სერგო კაპანაძის ახლობლებს საჭირო ინფორმაცია არ აქვთ. "ჩვენთან პირადი შეხება არც ერთი ორგანოს წარმომადგენელს არ აქვს. მამისთვის და არა მარტო მისთვის, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა ისიც, რომ ვინმეს დაერეკა და ეთქვა - ჩვენ არ შევწყვეტთ სამუშაოებს და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ცხედარი ვიპოვნოთო", - აღნიშნა მედეა კაპანაძემ.
მისივე თქმით, გამოძიების მხრიდან ყველა დეტალის განხილვა უნდა მოხდეს. "აბსოლუტურად ყველა დეტალი უნდა განიხილოს გამოძიებამ. თუ მტკვარი ისევ დასაშრობია და მიიჩნევს გამოძიება მას დასაშრობად, ისევ უნდა დააშრონ. ასევე, ჩვენ სავარაუდოდ, ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართავთ, თუ რა სამუშაოები მიდის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. იქნებ არის იმის შანსი, რომ მტკვარმა გარიყა აზერბაიჯანის საზღვარზეც ეს ცხედრები", - აღნიშნა მედეა კაპანაძემ.
13 ივლისის სტიქიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ამ დრომდე სამი ადამიანი ითვლება. მათ შორის არის სერგო კაპანაძეც.