„სუბსიდირების ვარიანტს მთავრობა ხვალ წარადგენს“

„სუბსიდირების ვარიანტს მთავრობა ხვალ წარადგენს“

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის მოხმარება ყოველთვიურად 5%-ით იზრდება, რაც მისასალმებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა წინ მიდის.

„სუბსიდირებას რაც შეეხება, თქვენ მოისმინეთ, რომ პრემიერმა დაგვავალა ამაზე მუშაობა. დღეს შევიკრიბებით, ხვალისთვის მოსახლეობას წარვუდგენთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება მთავრობის მიერ მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, აფერხებს თუ არა ინვესტორებს ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, კალაძემ განაცხადა, რომ არცერთი პროექტი არ შჩერებულა.

„არცერთი ინვესტორი, არცერთი პროექტი არ შეჩერებულა, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით. მეტიც, ჩვენ მოვახდინეთ ყველა იმ გაჩერებული პროექტის განხორციელება, წამოწყება, რომელიც წლებია, პრობლემური იყო. ამ დარგის მიმართ ძალიან დიდია უცხოელი ინვესტორების ინტერესი და მე კიდევ მინდა განვმარტო - ჩვენდა სამწუხაროდ, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებულები. სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა იმ პირობებში, როდესაც დაახლოებით 5%-ით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მიანიშნებს, რომ ეკონომიკა წინ მიდის და იზრდება. ამიტომ, ჩვენ რომ მომზადებულები შევხვდეთ გრძელვადიან პერსპექტივებში ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას, მნიშვნელოვანია ის რესურსები, რომელიც გააჩნია ქვეყანას, ამ შემთხევაში წყლის რესურსები მაქვს მხედველობაში“, - განაცხადა კალაძემ.