ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას დოლარის კურსს უკავშირებს

ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას დოლარის კურსს უკავშირებს

ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის 3.48 თეთრით კორექტირება, დოლარის გამყარებით არის გამოწვეული.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სექტემბრიდან მარტის თვის ჩათვლით, საქართველო მეზობელი ქვეყნებიდან ყიდულობს ელექტროენერგიას.

„გავიგეთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება. არსებული ტარიფის 3.48 თეთრით კორექტირება მოხდა. თქვენ იცით, რომ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მაშინვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ტარიფის შემცირებაზე და მოვახერხეთ ტარიფის შემცირება 3.54 თეთრით. განსხვავებული რეალობა გვაქვს მესამე წელს. თქვენ იცით, რომ დოლარის გამყარებამ მსოფლიოში, მათ შორის ლართან მიმართებაში, ეს პროცესები გამოიწვია. ამასთან, ჩვენდა სამწუხაროდ გვიხდება მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის შემოტანა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით მატულობს ელექტროენერგიის ფასი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება სუბსიდირებას, პრემიერ-მინისტრმა  დღეს დაგვავალა ამაზე მუშაობა. საზოგადოებას ხვალ წარვუდგენთ მთავრობის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კალაძემ.