ზარალი, რომელიც კომპანიებმა მიიღეს, გაიქვითება იმ ზედმეტობაში, რომელიც დაუგროვდათ წლების განმავლობაში

ზარალი, რომელიც კომპანიებმა მიიღეს, გაიქვითება იმ ზედმეტობაში, რომელიც დაუგროვდათ წლების განმავლობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზარალი, რომელიც თბოელექტროკომპანიებს ლარის გაუფასურების გამო მიადგათ, გაიქვითება იმ ზედმეტ მოგებაში , რომელიც მათ წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის დაწესებული მაღალი ტარიფის შედეგად მიიღეს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მაღალ გადასახადს იხდიდა, ვიდრე რეალური ფასი იყო.

'"ჩვენ ვართ სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება და ეს საქმით დავამტკიცეთ - 3 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობის სოციალურად დაცვისთვის ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს. ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ სოციალურ პროექტებზე დავხარჯეთ 5 370 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით - 400 მილიონამდე ლარი, განათლების მიმართულებით - 175 მილიონი ლარი და ასევე დევნილთა სოციალური პროექტებისთვის - 100 მილიონ ლარზე მეტი. ბუნებრივია, ამ დანახარჯებმა მოსახლეობას ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა და ეს იყო რეალური შემსუბუქება მათი ტვირთის. დღეს ასეთი ვითარება გვაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როცა 3 წლის წინ ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით წამოიწია ტარიფის თემა. მაშინ ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ სემეკთან და მივაღწიეთ იმას, რომ სამომხმარებლო ტარიფი 3,54 თეთრით შევამცირეთ. ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს, ანუ ჩვენ მაშინ ვნახეთ, რომ რეალურად შეიძლებოდა შემცირება ტარიფის და წლების განმავლობაში მოსახლეობა იხდიდა ზედმეტად, რაც მიმაჩნია, რომ იყო წინა მთავრობის მხრიდან ჩადენილი უსამართლობა და დანაშაულიც კი - მოსახლეობას შეგნებულად ზედმეტს ახდევინებდა. ვიცი, რომ გარკვეული ზედმეტობა უფიქსირდებათ კომპანიებსაც. ასე რომ, ზარალი, რომელიც მათ მიიღეს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაიქვითება და გაბათილდება იმ ზედმეტობაში, რომელიც დაუგროვდათ წლების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.