ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ელჩების დონეზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც "ინტერპესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკთხები, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეული პროგრესი. მათ მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობით.

მათივე ინფორმაციით, მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და აღნიშნეს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წევრმა ქვეყნებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილება მიიღონ და წვლილი შეიტანონ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს.

შეხვედრისას განიხილეს რუსეთის ფედერაციის ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ, კერძოდ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით და ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელებით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული და უკანონო პოლიტიკის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუს შეხვედრა შედგა. მხარეებმა განიხილეს - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები.