სემეკ-ი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ "ენერგო პრო ჯორჯიას" განაცხადს განიხილავს. სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკითხი "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ", რაც "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფის კორექტირებას ითვალისწინებს.
სხდომას ესწრებიან პოლიტიკური პარტიების - "ქართული დასისა" და "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ტარიფის შესაძლო ზრდას აპროტესტებენ.
"ენერგო პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვს.
ამასთან, სემეკ-მა გუშინ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფების ზრდის თაობაზე. "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ კომპანია უკვე ორი წელია, ზარალზე მუშაობს, ხოლო ლარის კურსის ვარდნამ ელექტროგამანაწილებელი კომპანიის მდგომარეობა დაამძიმა, ვინაიდან ელექტროენერგიის შესყიდვა დოლარში ხორციელდება.