საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ ენერგოკომპანიების მიერ ტარიფების სავარაუდო ზრდა, დღევანდელი ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის შედეგია.
როგორც მელიქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტარიფების გაზრდა მძიმედ დააწვება ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას.
,,ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ განეხორციელებინათ ინვესტიციები. თუ დააკვირდებით, ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი ახალი ინვესტიცია ამ მიმართულებით არ განხორციელებულა. ბუნებრივია, ეს გამოიწვევდა იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს არის ენერგოსისტემა მთლიანად.
ამას ემატება უნიათო პოლიტიკის შედეგად გაუფასურებული ლარი, რამაც ასევე ენერგოკომპანიები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და საბოლო ჯამში, ნაცვლად განახევრებული ტარიფებისა, მოსახლეობა ღებულობს გაძვირებულ ტარიფებს. ეს მძიმედ აწვება მოსახლეობას, ეკონომიკას და მთლიანად ქვეყანას. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში თვალს ვადევნებთ", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.