კალაძე დენის გაძვირებას ვარაუდობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

კალაძე დენის გაძვირებას ვარაუდობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

გაზრდის თუ არა სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება ქვეყანაში ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფს, დღეს გახდება ცნობილი. კომისიის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, კომისიას სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ის არის კოლეგიალური ორგანო და კომისიის სამივე წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. „სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული საკითხები და გადაწყვეტილებაც კომისიის დღევანდელ სხდომაზე იქნება გახდება ცნობილი"-აცხადებს შონია.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ვარაუდით, ელექტოენერგიის ტარიფი უმნიშვნელოდ გაიზრდება. გავრცელებულ ინფორმაციას 25 თეთრიანი მატების თაობაზე ის სიცრუეს უწოდებს. მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.  

სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი გუშინ დაადგინა. მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს "მტკვარი ენერგეტიკისათვის" - მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.

მიმდინარე წლის მაისში, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ენერგეტიკულ კომპანიებს, ამ მიმართულებით პრობლემები შეიქმნა. განსაკუთრებით თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ.

„აირი, რომელიც შემოდის ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან და ანგარიშსწორება ხდება დოლარში ხოლო პროდუქციის გაყიდვის შემდეგ მოსახლეობის მხრიდან ტარიფის დაფარვა ლარში ხდება. ამან გარკვეული პრობლემები შეუქმნა ამ კომპანიებს.

ზუსტად ამის გამო მიმართეს მათ მარეგულირებელ კომისიას, რომ მომხდარიყო ტარიფის გადათვლა. ზოგადად, მე არ გამოვრიცხავ შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რომ ელექტროენერგიაზე მოხდეს მატება, იყოს ამის გარდაუვალობა, თუმცა აღვნიშნავ იმას, რომ ამაზე იმსჯელებს მთავრობა. ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება. ამ თემაზე უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიმსჯელოთ და შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული სუბსიდირება, მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს," - განაცხადა კალაძემ.