ღვინის კომპანიების განცხადებით, წლევანდელი რთველი გლეხისთვის ძალიან რთული იქნება

ღვინის კომპანიების განცხადებით, წლევანდელი რთველი გლეხისთვის ძალიან რთული იქნება

წლევანდელი რთველი გლეხისთვის ძალიან რთული იქნება. ამის შესახებ „კომერსანტთან" „შუხმან ვაინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი საუბრობს. მისი ინფორმაციით, გაყიდვების შემცირების გამო, ღვინის კომპანიებში დიდი მარაგებია დარჩენილი. პარალელურად, კომპანიების დიდ ნაწილს საკუთარი ვენახები აქვს, შესაბამისად, წელს ყურძენზე ისეთი დიდი მოთხოვნა ვერ იქნება, როგორც გასულ წელს.

„შარშან იყო რთველის ბუმი. ყურძნის ფასი იყო ძალიან მაღალი და ბოლო წლების მაქსიმუმი დაფიქსირდა, რაც რუსეთის ბაზრის გახსნამ გამოიწვია. ეს, ცხადია, ერთი მხრივ, კარგია, რადგან კახეთში მრავალი მილიონი ლარი შევიდა. გლეხმა დიდი მოგება მიიღო. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან გაძვირდა ქართული პროდუქცია, ქართული ღვინის თვითღირებულება, რაც პროდუქციის კონკურენტუნარიაონისთვის ძალიან ცუდია. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტი", - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

იმავეს ფიქრობს „თელავის ღვინის მარნის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა რამაზაშვილი. მისი თქმით, გლეხისგან დიდი რაოდენობით ყურძენს, სავარაუდოდ, არც „თელავის ღვინის მარანი" ჩაიბარებს.

რამაზაშვილის განცხადებით, ექსპორტთან დაკავშირებით კვლავ არასახარბიელო ვითარებაა და, ბოლო თვეების განმავლობაში, დრამატული ცვლილება არ მომხდარა. მისი თქმით, წელს კომპანიის ექსპორტი 30%-ით არის შემცირებული. ვითარების დასაბალანსებლად კომპანია რამდენიმე ახალ ბაზარზე გავიდა. მათ შორის, სამხრეთ კორეის და მონღოლეთის ბაზარზე.

„ვძლიერდებით აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ახალი და არატრადიციული ღვინის მოხმარების ბაზრებია. მომავალი პერსპექტივის საკითხია და ძნელია იმის წინასწარმეტყველება ჩაანაცვლებს თუ არა რუსეთის და უკრაინის ბაზრებს აღმოსავლეთის ბაზარი. თუმცა, ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელი უნდა იყოს", - აცხადებს ზურა რამაზაშვილი.

2015 წლის პირველი 6 თვის ექსპორტს პასიურად აფასებს „შუხმან ვაინს ჯორჯიაც". ნუცა აბრამიშვილი ამ პროცესს რუსეთში რუბლის დევალვაციას და უკრაინის კრიზისს უკავშირებს. მისი თქმით, „შუხმან ვაინსის" პროდუქციის რეალიზაციაზე ამ ორ ფაქტორს დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან კომპანიის გაყიდვების სტრატეგია რისკების დაზღვევაზეა ორიენტირებული.

„ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკა მაქსიმალურად გვაქვს გამოყენებული. თუმცა რუსეთში, რა თქმა უნდა, ექსპორტი კვლავ შემცირებულია. რიგ რუსულ კომპანიებს დიდი პრობლემები აქვს გადახდებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ჩვენთვის სარისკო არ ყოფილა, რადგან წინასწარ გადახდაზე ვმუშაობთ და დებიტორები არ გვყავს. რაც შეეხება უკრაინას, ექსპორტი აქაც შემცირებულია, თუმცა ეს შემცირება არ არის ძალიან მაღალი და ჩვენს შემთხვევაში, გაყიდვების 10-15%-იანი შემცირებაა. მაგრამ ამას სხვა ბაზრებზე ჩვენი აქტიურობით ვაბალანსებთ. ჩვენი წარმომადგენლობა ევროპაში, რომელიც გერმანიაში მდებარეობს, უზრუნველყოფს იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მაქსიმალურად კარგად ვიყოთ წარმოდგენილები და ხელი შევუწყოთ ქართული ღვინის გაყიდვებს. ასევე, აქტიურები ვხდებით როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებში", - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი და აღნიშნავს, რომ ახალ ბაზრებზე ადგილის დამკვიდრება ქართული ღვინისთვის ადვილი არ არის.

„ეს გრძელვადიანი პროცესია. ქართული ღვინის გაყიდვა რთულია იმ მხრივ, რომ კონკურენციის გაწევა უკვე ისეთი ცნობილი ქვეყნებისთვის გვიწევს, როგორიცაა იტალიური, ფრანგული, ავსტრალიური ღვინოები, რომლებსაც უკვე დიდი ცნობადობა აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა. შესაბამისი სტრუქტურები, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე, რაც მისასალმებელია. მარკეტინგული ღონისძიებების საფუძველზე შესაძლებელია უფრო წარმატებულები ვიყოთ მეტად სტაბილურ ბაზრებზე, სადაც ცნობადობის ამაღლება აუცილებელია", - მიიჩნევს „შუხმან ვაინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13 706 653 ბოთლი ღვინო, რაც თანხობრივად 39 425 552 აშშ დოლარს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 23%, იაპონია - 21%, ლატვია - 20%, ესტონეთი - 16%, გერმანია - 5%, კანადა - 159%, აშშ - 61%, ყაზახეთი - 6%, დიდი ბრიტანეთი - 33%, ჰონგ-კონგი - 230% და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 6 555 183, ყაზახეთი - 2 275 722, უკრაინა - 1 257 918, პოლონეთი - 796 076, ჩინეთი - 759 969 ბოთლი.

არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-63%) და უკრაინაში (-60%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია 6 თვის ექსპორტის სტატისტიკაზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ითაა შემცირებული. იანვარში კლების მაჩვენებელი იყო - 87%, თებერვლის მონაცემებით - 71%, მარტის - 67%, აპრილის - 58%, მაისის - 54%.