დავით უსუფაშვილი - ნატო-ში მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო აბაშიძე-კარასინის ფორმატს გაწყვეტს, MAP-ის მიღება გართულდება

დავით უსუფაშვილი - ნატო-ში მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო აბაშიძე-კარასინის ფორმატს გაწყვეტს, MAP-ის მიღება გართულდება

ნატო-ში მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო აბაშიძე-კარასინის ფორმატს გაწყვეტს, ჩვენი საქმე MAP-ის მიღების თვალსაზრისით გართულდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა, სადაც მან ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გამართული შეხვედრები შეაფასა.

"ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც მეკითხებოდნენ, იყო ის, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას მართლა, იმიტომ, რომ მათ ესმით ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან და თვლიან, რომ თუ ეს ასე გაკეთდება და მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არც თუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, MAP-ის მიღების თვალსაზრისით და არ გაუმჯობესდება, რადგან საქართველოსთვის MAP-ის მოცემა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ახერხებს სტრატეგიული მიზნების და ამოცანებისკენ სვლას ისე, რომ დამატებით პრობლემებს არ უქმნის საკუთარ ქვეყანას და როცა სხვები უქმნიან ამ პრობლემებს, მათ მოგვარებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ცდილობს. უსუფაშვილის თქმით, "საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს, თორემ მათთან შეთანხმების გარეშე გადადგმული ნაბიჯების შედეგებს დღესაც ვიმკით".