სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მიერ მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება

სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მიერ მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება

პარლამენტმა "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მიერ მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც დღეს მესამე მოსმენით მიიღეს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი, ასევე 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. გარდა ამისა, ნაპატიები სასესხო ვალდებულებები შემოსავალში არც ფინანსურ ორგანიზაციებს ჩაეთვლებათ და შესაბამისად, არც ისინი დაიბეგრებიან.

ამავე პროექტით, 2001 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2005 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის მოვალისთვის პატიების შემთხვევა, მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად არ ჩაითვლება და დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საფუძველი არ იქნება. ასევე, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება 2001 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2005 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი.