უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში ჩივილს აპირებს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში ჩივილს აპირებს

დეპუტატ ბორის ფილატოვმა ოდესის გუბერნატორი ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენებასა და პოლიტიკურ მაქინაციებში დაადანაშაულა და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

ფილატოვმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ უყვართ და ამის მიზეზებზეც ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ამის მიზეზი გახდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, ასევე, პატიმრების წამება და დამამცირებელი მოპყრობა, რისი მსხვერპლიც მაშინდელი პრეზიდენტის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები გახდნენ.

ამასთან, დეპუტატმა ფილატოვმა ოდესის გუბერნატორი ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარებაში დაადანაშაულა.

„სააკაშვილი მატყუარა, პოპულისტი და ცინიკოსი ნაძირალაა, რომელიც მისმა მოქალაქეებმა საკუთარი ქვეყნიდან გამოაპანღურეს. ის პასუხს აგებს ყველაფერზე. მე ყველას მოვუყვები, რატომ მოხდა ეს. ამის მიზეზი გახდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, პატიმრების გაუპატიურება და შენი მისწრაფება ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, რომელიც გონებას აღაგზნებს. კომპენსაციის სახით, შენგან მიღებულ ერთ გრივნას, მე უკრაინაში ქართველი დევნილების ფონდში გადავრიცხავ“, - აღნიშნა ფილატოვმა.

კონფლიქტი სააკაშვილსა და ფილატოვს შორის რამდენიმე დღის წინ ქალაქ ჩერნიგოვში მოხდა. სააკაშვილმა ფილატოვი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა.