დავით უსუფაშვილმა, ბრიუსელში, საზღვართან განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა

დავით უსუფაშვილმა, ბრიუსელში, საზღვართან განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ნატო“-ს წევრი სახელწიფოების წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებულნი და გმობენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებულ მოვლენებს. „ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ასევე, „ნატო“-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა სრულიად ცალსახად დაგმეს ის მოვლენები, რაც ბოლო ხანებში განვითარდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი მიმდინარე მოვლენების შესახებ, ჩვენი, საქართველოს მისია „ნატო“-ს შტაბ-ბინაში ძალიან აქტიურად მუშაობს და სრულიად თვალსაჩინო იყო, რომ ყველა საქმის კურსშია ამ ყველაფრის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „ნატო“-ს წევრი სახელმწიფოები გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებასაც და საქართველოს მთავრობის პოზიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. „მათი პოზიცია არის ძალიან მყარი, ეს საჯაროდაც გამოხატეს, რომ ისინი გმობენ ამდაგვარ მოვლენებს, ისევე, როგორც აფხაზეთთან, ცხინვალთან დადებულ ე.წ. სათანამშრომლო ხელშეკრულებებს რუსეთის მხრიდან და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების პოზიციას იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ უნდა აღმოვჩნდეთ ემოციების ტყვეობაში იმიტომ, რომ ეს იქნება მოწინააღმდეგის, მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი და ეს არის მათი ძალიან დაბეჯითებით რეკომენდაცია, რომ არათუ ინიციატორი ვიყოთ დამატებით დაძაბულობის, არამედ არ ავყვეთ პროვოკაციებს. ეს არის სწორი გზა იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვართ; ეს არის სწორედ იქით მიმავალი, რომ მოგვარდეს ეს პრობლემები და არ აღმოვჩნდეთ ახალ პრობლემებში ჩათრეული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას.