“300 მილიონი ლარით შეიცვალა ლარისა და დოლარის ბალანსი სავალუტო ბაზარზე, რამაც რყევები გამოიწვია”

“300 მილიონი ლარით შეიცვალა ლარისა და დოლარის ბალანსი სავალუტო ბაზარზე, რამაც რყევები გამოიწვია”

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის შეფასებით, სებ-ის მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდამ, ლარის კურსზე უარყოფითად იმოქმედა

როგორც „პირველ პრესკლუბში“ „აფბა“-ს წევრმა ზურა კუკულაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის ქმედებები, რაც ერთდღიანი სესხების ისტორიულ მაქსიმუმამდე აყვანას უკავშირდება ლარზე უარყოფითად მოქმედებს.

„ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო 6 კვირის განმავლობაში ერთ დონეზე იყო, თუმცა, გასულ კვირას გარკვეული რყევები შეინიშნებოდა. ჩვენი აზრით, ეს არის საგანგაშო, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რყევები ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, სებ-მა 16 ივლისს ერთდღიანი რეფინანსირების სესხის მოცულობა 300 მილიონი ლარით გაზარდა. რაც ნიშნავს იმას, რომ 300 მილიონი ლარით შეიცვალა ლარისა და დოლარის ბალანსი სავალუტო ბაზარზე, რამაც რყევები გამოიწვია. ასევე, მუდმივმოქმედი და ერთდღიანი სესხის მოცულობის მკვეთრმა ზრდამ, 855 მილიონი ლარიდან 1,120 მილიარდ ლარამდე, გასულ კვირაში ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედა და მისი რამდენიმე პუნქტით გაუფასურება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს რეფინანსირების ნაშთი 36 მილიონი ლარით გაიზარდა და წლის ბოლოსთვის 400 მილიონი ლარი შეადგინა. 2014 წელს ნაშთი 400-დან 712 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ისტორიული მაქსიმუმი - 1, 120 მილიარდი ლარი დაფიქსირდა, ანუ რეფინანსირების სესხების მოცულობა თითქმის გასამმაგდა, რაც სავალუტო ბაზარზე დაწოლაა“, - განაცხადა კუკულაძემ.

მისი თქმით, 2014 წლიდან სებ-მა კომერციულ ბანკებთან სასესხო პოლიტიკა შეცვალა, რამაც ლარის კურსზე იმოქმედა.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების სასესხო ურთიერთობას, 2013 წლის ჩათვლით, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისგან სესხულობდა ფულს, დაახლოებით 680 მილიონ ლარის ოდენობით. 2014 წლიდან კი სებ-მა მიდგომა და პოლიტიკა შეცვალა და დღევანდელი მდგომარეობით, საბანკო სისტემას ეროვნული ბანკის ვალი 700 მილიონი ლარის ოდენობით აქვს. დაახლოებით მილიარდ 400 მილიონით მეტი ლარი გაუშვა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, რაც თავისმხრივ  ლარის კურსს დააწვა“, - აღნიშნა კუკულაძემ.

კუკულაძის განცხადებით, სებ-ის მიერ ინფლაციის 5%-იანი მაჩვენებლის განსაზღვრა თავიდანვე მცდარი იყო.

„ამ შემთხვევაში სები-ის არგუმენტი არის, რომ მან მიაღწიოს ე.წ. დაგეგმილ ინფლაციურ მაჩვენებელს, რაც 5%-იანი მაჩვენებლით განისაზღვრა, თუმცა, 6 თვის განმავლობაში ინფლაციამ მხოლოდ 4,5 %-ს მიაღწია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან გაუჭირება 5%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნება. ჩემი აზრით, თავიდანვე მცდარი იყო ის პოლიტიკა, რომ 5%-იან ნიშნულზე განსაზღვრეს ინფლაციის მაჩვენებელი“, - განაცხადა ზურა კუკულაძემ.

მისი განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელახლა უნდა გადააფასოს.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვს რეკომენდაციები რომ სებ-ს ჰქონდეს მიზნობრივი ინფლაცია და, ასევე, შეინარჩუნოს სავალუტო რეზერვები. ეს ორივე პარამეტრი ეროვნულმა ბანკმა დაიცვა, თუმცა, იმდენად დააზარალა ეკონომიკა, რომ სხვა სტანდარტების დაცვა უკვე მასაც გაუჭირდება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რას ნიშნავს სავალუტო ფონდის რეკომენდაციები. გავიხსენოთ საბერძნეთის მაგალითი, როდესაც სავალუტო ფონდის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სწორხაზოვანმა მიდგომამ ქვეყანა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. არ შეიძლება, რომ სხვადასხვა ქვეყანას ერთიდაიმავე ინფლაციის მაჩვენებელი განესაზღვროს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სავალუტო ფონდის საქმიანობა ჩვენი დონის ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია“, - აღნიშნა კუკულაძემ „პირველ პრესკლუბში“.