მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია სასამართლოს მხრიდან მათი გაზიარებისათვის

მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია სასამართლოს მხრიდან მათი გაზიარებისათვის

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მირიანაშვილის და გოგატიშვილის ჩვენები თანხვედრაშია და კორტების სპეცოპერაციას დეტალურად ასახავს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2006 წლის 02 მაისს ჩატარებული კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი მოწმე ქეთევან მირიანაშვილი დაიკითხა.

როგორც პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, ეს ის ქალბატონია, რომელიც კორტების მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა და საკუთარი ბინის აივნიდან თვალს ადევნებდა ე.წ. „კორტების სპეცოპერაციას“.

„მოწმის თქმით, დაინახა თუ როგორ გამოვიდა გზის სავალი ნაწილიდან ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომელსაც სროლით მისდევნენ სამხედრო ფორმაში და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ავტომატებითა და პისტოლეტებით შეიარაღებული პირები. ავტომანქანა გადავიდა კორტების მხარეს, ავარდა ბორდიურზე, რის შემდგომაც შეეჯახა შუქნიშნის ბოძს. მოწმის თქმით, ავტომანქანაში მყოფი ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ჯერ კიდეც ცოცხლები იყვნენ, როდესაც მათ მიუახლოვდათ ბრალდებული გიორგი ცააძე და ჯერ ზურაბ ვაზაგაშვილის, ხოლო შემდგომ ალექსანდრე ხუბულოვის მიმართულებით განახორციელა საკონტროლო გასროლა. აღნიშნულის შემდგომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მოახდინეს გარდაცვლილთათვის ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბძოლო მასალის ჩადება“, - აცხადებს ამირან გულუაშვილი.

მისივე თქმით, მოცემულ საქმეზე ასევე დაიკითხა სპეცოპერაციის თვითმხილველი კობა გოგატიშვილი, რომელმაც სასამართლოს ანალოგიური ჩვენება მისცა.

„ქეთევან მირიანაშვილის და კობა გოგატიშვილის ჩვენები სრულ თანხვედრაშია და დეტალურად ასახავს 2006 წლის 02 მაისს კორტებთან განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნული ჩვენებების უტყუარობა დადასტურებულია, ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითა, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეოჩანაწერებით, რომელთა გამოკვლევა მოხდება შემდგომ პროცესებზე. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა და დამაჯერებლობა საკმარისია სასამართლოს მხრიდან მათი გაზიარებისათვის“, - აღნიშნავს პროკურორი.

მისივე თქმით, მომდევნო პროცესებზე წარმოდგენილი იქნება არაერთი მოწმე, რომელიც ბრალდების მხარის მიერ უკვე გამოკვლეული მტკიცებულებების დაადასტურებს და სასამართლოს ბრალდებულდა დამნაშავეობაში დაარწმუნებს.