„პრეზიდენტსაც აქვს გაცემული დაპირებები, მათ შორის იმ სფეროში, რომელიც მისი კომპეტენცია არ იყო“

„პრეზიდენტსაც აქვს გაცემული დაპირებები, მათ შორის იმ სფეროში, რომელიც მისი კომპეტენცია არ იყო“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყო.

მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემა აუცილებლად გაუქმდება, თუმცა ეს 2016 წლის შემდგომ არჩევნებზე მოხდება.

„ჩვენ შევპირდით ხალხს, რომ ამ სისტემას შევცვლიდით და მერე ცალკეული პარტიების დაპირება იყო, რომ იქნებოდა პროპორციული სისტემა. ჩვენი პარტია ყოველთვის იმ აზრზე იყო, რომ უნდა იყოს პროპორციული სისტემა. ამას ჩვენ 20 წელია ვითხოვთ. იყო მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა ახლავე, მაგრამ გადასვლის დროს აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურად შესაძლებელია მხოლოდ იმ კომპრომისის მიღწევა, რომ 2016 წლის შემდგომ არჩევნებზე გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა. ანუ, ჩვენ დაპირებას ვასრულებთ, რომელიც წინასაარჩევნოდ გვქონდა. პრეზიდენტი რომ პარლამენტის წევრი იყოს, ეცოდინებოდა, რა რთულია მოლაპარაკლება კოალიციის შიგნით და გარეთ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევცვლით ამ სისტემას, როგორც მოსახლეობას დავპირდით. სხვათაშორის, პრეზიდენტსაც აქვს გაცემული დაპირებები, მათ შორის იმ სფეროში, რომელიც მისი კომპეტენცია არ იყო და მას არავინ ახსენებს და არც უნდა შევახსენოთ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას", საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა. როგორც მარგველაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში აღნიშნა, მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის შემდგომ ცვლილება, სამართლიანობის გადადებაა.