ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება 27 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება 27 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება 27 ივლისს დაიწყება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 27 ივლისს აბიტურიენტებს ზოგადი უნარების შედეგებს გააცნობენ.

"27 ივლისს მივაწოდებთ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორი იყო სტატისტიკა. ოთხი ვარიანტი იყო გამოყენებული და ბუნებრივია, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული. საბოლოო შედეგები ბუნებრივია, აპელაციის პროცესის შემდეგ გვექნება, მაგრამ ზოგადი უნარების გამოცდა სპეციფიურია და შედეგები სკანერის მეშვეობით მოწმდება. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც ძალიან მიზერულია იმის შანსი, რომ აპელაციის შედეგებმა რამენაირად გავლენა იქონიოს სტატისტიკურ მონაცემებზე, ამიტომ ჩვენ უკვე შეგვიძლია 27 ივლისს ვივარაუდოთ, რა იქნება გამსვლელი ქულა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება დანარჩენ გამოცდებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გამსწორებლებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ოპერატიულად მივაწოდოთ პირველადი შედეგები აბიტურიენტებს, როგორც კი გასწორდება რომელიმე კონკრეტული საგნის შედეგები, მეორე დღესვე ვაძლევ გარანტიას აბიტურიენტებს, რომ მათ პირველად შედეგებს ვაცნობებ. სიახლე რაც გახლდათ, ეს იყო ის, რომ ჩამონათვალში გაჩნდა სამოქალაქო განათლება და დაახლოებით 700-მდე აბიტურიენტი აბარებდა გამოცდას. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც და ყველასთვის რა იქნება ამ გამოცდაზე შედეგები", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება პედაგოგებს, მათი საგამოცდო ნამუშევრების გასწორებაც ინტენსიურად მიმდინარეობს, ოდნავ მოგვიანებით დაიწყება პირველადი შედეგების გამოცხადება.

"აქ მნიშვნელოვანი სიახლე იყო პირველად წელს გამოცდა შვთავაზეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგებს. თავისთავად გამოცდა იყო სპეციფიური და დავალებები პედაგოგს კომპიუტერზე უნდა შეესრულებინათ. 700-მდე პედაგოგი ღებულობდა მონაწილეობას და ჩვენც ველოდებით შედეგებს, რადგან ეს იყო პირველად, როდესაც ჩვენ პედაგოგებს შევთავაზეთ ასეთი ტიპის განსხვავებული ფორმატის გამოცდა", - განაცხადა მიმინოშვილმა.