გორის მაჟორიტარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონების შექმნას ითხოვს

გორის მაჟორიტარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონების შექმნას ითხოვს

ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონების შექმნის ინიციატივით გამოდის. 

სოსო ვახტანგიშვილი ამ დროისთვის ხურვალეთში იმყოფება. როგორც ვახტანგიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა, რომ ამ სოფლებში არსებული პრობლემატიკის გადასაჭრელად მაქსიმალური ყურადღება იქნას გამოჩენილი.

"ჩემი მიმართვა ეხებოდა მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონების შექმნას. მე მივმართე საქართველოს პრემიერ-მიინისტრს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ აქ არსებული პრობლემატიკის გადასაჭრელად. უნდა აღვნიშნო, რომ დაწყებულია მათ გადაჭრაზე მუშაობა. ამასთან, ვგეგმავ, რომ ამ სოფელში გავატარო დღე მოსახლეობასთან ერთად, თუ საჭირო იქნება ხვალაც აქ ვიქნები და დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ის ყურადღება, რომელსაც გამოვიჩენთ მოსახლეობის მიმართ, შეუმსუბუქებს მათ აფორიაქებულ მდგომარეობას, იმ შიშსა და პანიკურ სიტუაციას, რომელიც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალებმა აქ თავისი ანგაჟირებული მოქმედებებით შექმნეს" , - განაცხადა ვახტანგაშვილმა.

მისივე თქმით, გამყოფის ხაზის მიმდებარე ქართულ სოფლებში დაგროვილია საკმაოდ ბევრი პრობლემა.

"აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ შეიქმნას განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონები და მაქსიმალური ყურადღება იქნება მოსახლეობის პრობლემატიკისადმი მიმართული. ყველანაირი პრობლემა უნდა იქნას შესწავლილი, გაანალიზებული, მათ შორის, საჭირო იქნება ჰუმანიტარული დახმარება, არის სასმელი და სარწყავი წყლების პრობლემები, ასევე დაწყებულია გაზიფიკაციის პროგრამა, რომელიც ბოლომდე არ არის მიყვანილი. საუბარია დაწყებულის დაჩქარებაზე და დამატებითი პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც რეალურად ამ სოფლებში არსებობს", - განაცხადა ვახტანგაშვილმა.