თეა წულუკიანი პროკურატურის რეფორმის პროცესში პრეზიდენტის ჩართვას ზედმეტად მიიჩნევს

თეა წულუკიანი პროკურატურის რეფორმის პროცესში პრეზიდენტის ჩართვას ზედმეტად მიიჩნევს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროკურატურის რეფორმის პროცესში პრეზიდენტის ჩართვას ზედმეტად მიიჩნევს , - ამის შესახებ წულუკიანმა პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი არ გახლავთ მთავრობის საქმიანობაში ჩართული. 

"ის არ არის იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელი, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო, როდესაც ძალოვანი მინისტრები პირდაპირ ექვემდებარებოდნენ პრეზიდენტს. დღეს ყველა მინისტრი არის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ მომუშავე პირი, ამიტომაც კონსტიტუცია რაკი ამბობს, რომ პროკურატურის ორგანოებს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის რგოლი ამ რეფორმაში არის ზედმეტი და მე არ მგონია, რომ ის ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს. ვენეციის კომისია არ გვაძლევს შემოთავაზებას, რომ პრეზიდენტის რგოლი ჩაერთოს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ის რგოლები, რაც არის, ძალიან კომპლექსურს და რთულს ხდის პროცედურას, ამიტომ ახალი რგოლის დამატება აქ არ იგეგმება", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან უფლებამოსილებები არის გამიჯნული. "პროკურატურის თემა არის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების და ამ შემთხვევაში, არასამათავრობო სექტორის თემა, რომლებიც არიან ამ რეფორმის პროცესში ჩართულები", - განაცხადა წულუკიანმა.