საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში პროკურატურის შესახებ ცვლილებებს დადებითად აფასებენ

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში პროკურატურის შესახებ ცვლილებებს დადებითად აფასებენ

ვენეციის კომისია, ეუთო და პროკურორთა საბჭოს ასოციაცია „პროკურატურის შესახებ ცვლილებებს“ დადებითად აფასებს.

როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, არსებობს გარკვეული სახის შენიშვნები, რომელიც კანონპროექტში აისახება. წულუკიანის თქმით, საპროკურორო საბჭოში უმრავლესობა პროკურორებს ექნებათ. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოში იქნება  რვა პროკურორი, რომელსაც აირჩევს საპროკურორო კონფერენცია.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი კვლავ უხელმძღვანელებს საპროკურორო საბჭოს და იქნება ჩართული მთავარი პროკურორის შერჩევის საქმეში, მაგრამ მინისტრი  ერთის ნაცვლად ორ კანდიდატს წარუდგენს  საპროკურორო საბჭოს. 

„იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს რეფორმებს, აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ ჩვენი სამართლებრივი სივრცე იყოს უფრო ცივილიზებული, ევროპული და ადამიანის უფლებებზე, გამჭირვალობაზე დაფუძნებული, ამიტომაც, მოვითხოვე ვენეციის კომისიისგან, პროკურორთა საბჭოს ასოციაციისგან და ეუთო-სგან ერთობლივი ანგარიში და შეაფასეს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროკურატურის შესახებ ცვლილებები. მთლიანობაში, ისინი ამბობენ, რომ  ეს რეფორმა სწორი მიმართულებით მიმავალი რეფორმაა და აუცილებლად უნდა გაგრძლდეს. ისინი კანონპროექტს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ  მისასალმებელია პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო კონფერენციის შექმნა და ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში საპროკურორო საბჭოს შექმნის იდეა. ამიტომაც, ჩვენ უკვე ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ ეს რეფორმა გაგრძელდეს, პარლამენტში დისკუსიები განახლდეს და ეს პროექტი რაც შეიძლება მალე იქცეს კანონად, რომ ჩვენ წლის ბოლომდე გვყავდეს ახალი წესით შერჩეული საქართველოს მთავარი პროკურორი. ამ ერთობლივი ანგარიშიდან გამომდინარეობს ის, რომ გარკვეული ცვლილებები ამ რეფორმაში ჩემივე ინიციატივით იქნება შეტანილი. მაგალითად, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის მოდელი, რომელიც მას შეუფასებია დადებითად, იმ მოდელებში, საპროკურორო საბჭოში უმრავლესობა სწორედ პროკურორებს აქვთ, რადგან პროკურორი არ არის პოლიტიკური ფიგურა. ჩვენი იდეაა, რომ საპროკურორო საბჭოში გაჩნდეს რვა პროკურორი, რომელსაც აირჩევს საპროკურორო კონფერენცია. იუსტიციის მინისტრი კვლავ უხელმძღვანელებს საპროკურორო საბჭოს და იქნება ჩართული მთავარი პროკურორის შერჩევის საქმეში, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ შემოთავაზებას, რომ მინისტრმა ერთის მაგივრად ორი კანდიდატი წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს. ჩვენ გვაქვს იდეა, საპროკურორო საბჭოში მოვიწვიოთ საქართველოს ომბუდსმენი“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით ვენეციის კომისიამ საპროკურორო საბჭოში 2 პარლამენტარის წარმოდგენას პლურალისტური უწოდა და დადებითად შეაფასა.

"გვინდა ასევე ახალი წევრი შემოვიყვანოთ საბჭოში. ეს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული მოსამართლე, რის შესახებაც ქალბატონ ნინო გვენეტაძესთან კონსულტაციები უკვე მქონდა. ის მოხარულია, რომ საპროკურორო საბჭოში სასამართლოს ელემენტი გაჩნდება. ჩვენ 2-დან 3 წევრამდე ვზრდით აკადემიური წევრებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს. რეალურად, ეს იქნება საბჭო, სადაც პროკურორებს დიდი წარმომადგენლობითობა ექნებათ და იქნება საქართველოს ომბუდსმენი. ასევე, იქნება მეტი აკადემიური წევრი და საბჭოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. ეს საბჭო, თუ პარლამენტი იდეას გაიზიარებს, 15 წევრისგან იქნება შემდგარი. პროცედურა იქნება იგივე - საბჭო, მთავრობის რგოლი და პარლამენტი, უბრალო უმრავლესობით, წლის ბოლომდე აირჩევს ახალ მთავარ პროკურორს. მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა ვუთხრა ვენეციის კომისიას. პროკურატურის საკანონმდებლო ინიციატივა გრძელდება და პარლამენტარებს, ვინც ამას მხარს დაუჭერს, მინდა წინასწარ მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. .