"ჩვენი ამოცანაა, ვიზა ლიბერალიზაციაზე სრულყოფილი ანგარიში წარვუდგინოთ ევროკომისიას"

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს რეგულარულ დიალოგს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე.

თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანები, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ რიგის სამიტის შემდეგ.

"სამოქალაქო საზოგადოებასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს რეგულარულ დიალოგს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორია ეროვნული პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და ინსიტუციონალურად ის წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობის მეკავშირეს. როგორც მოგეხსენებათ, რიგის სამიტის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, კალენდარი, რომელიც შეთანხმდა ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან და ამ რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ გადადგა ქმედითი ღონისძიებები. ყველა შესაბამისი უწყება, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, 2013 წლიდან ახორციელებდა შესაბამის სამუშაოებს იმ მიმართულებით, რომელიც ეხებოდა რეკომენდაციების თემას, ეს იყო თავშესაფრის საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა, ნარკოტრაფიკი. შესაბამისად, დღეს, პარლამენტში უკვე გადაცემულია ყველა ის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც რეკომენდაციების ფარგლებში ჩამოყალიბდა. ჩვენი ამოცანაა, სრულფასოვანი ანგარიში წარვუდგინოთ აგვისტოს შუა რიცხვებში ევროკომისიას, შემდეგ სექტემბრის დასაწყისიდან ვუმასპინძლოთ შესაბამის სფეროებში შემფასებელ მისიებს და წლის ბოლოსთვის ევროკომისიამ ჩამოაყალიბოს საქართველოზე საბოლოო ანგარიში, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება საფუძველი საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.