თურქმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა ქართველ კოლეგებს ბოდიში მოუხადეს

თურქმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა ქართველ კოლეგებს ბოდიში მოუხადეს

ქ. რიზეს საავადმყოფოს ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ქართველ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს , ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით რიგი შეხვედრები გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქ. ტრაპიზონში გენერალური კონსული, ავთანდილ მიქაცაძე და ქართველი ჟურნალისტები რიზე ვილაიეთის გუბერნატორს ჰაიათი იაზიჯის, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორს მუსტაფა ტეპეს, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტ ნურიე კაფუთოღლუსა და თურქ ჟურნალისტებს შეხვდნენ.

"ქართულმა მხარემ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და დაგმო ყოველგვარი ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. თურქულმა მხარემ მწუხარება გამოთქვა მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით. ქ. რიზეს გუბერნატორმა, ჰაიათი იაზიჯიმ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ თავად გააკონტროლებს ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობას. ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, მუსტაფა ტეპემ განაცხადა, რომ საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს თურქული მხარე. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და თურქმა ჟურნალისტებმა რიზეს მოსახლეობის სახელით ბოდიში მოუხადეს ქართული მედიის წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სავარაუდოდ მიეცემა ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების განადგურების კვალიფიკაცია", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ, რიზეში, ადგილობრივ მოსახლეობასა და ქართველ ჟურნალისტებს შორის შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი საავადმყოფოსთან მივიდნენ და ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ცდილობდნენ. ჟურნალისტების თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული თურქეთის მოქალაქის ახლობლებმა აჭარის ტელევიზიის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ავარია რიზეში 14 ივლისს მოხდა, რასაც საქართველოს ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა.