„ბრალი უნდა წარედგინოს ანზორ ჩუბინიძეს და ბიძინა ივანიშვილს და მათთაც უნდა დაუყადაღდეს ქონება“

„ბრალი უნდა წარედგინოს ანზორ ჩუბინიძეს და ბიძინა ივანიშვილს და მათთაც უნდა დაუყადაღდეს ქონება“

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, ნდობის ჯგუფის წევრი გივი თარგამაძე სხდომაზე სპეციალური დაცვის სამსახურის საიდუმლო ხარჯების 2013 წლის დოკუმენტების გასაჯაროების საკითხს დააყენებს.

დეპუტატის თქმით, 2012 წლის ხარჯები 2013 წლის ანალოგიურია და უნდა აღდგეს ბალანსი და მოიხსნას ორმაგი მიდგომა. თარგამაძე ითხოვს, რომ ან მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას მოეხსნას ბრალი ან ანალოგიური ბრალი უნდა წარედგინოს ანზორ ჩუბინიძეს და ბიძინა ივანიშვილს და მათთაც უნდა დაუყადაღდეთ ქონება.

„გვაინტერესებს კონკრეტულად რაზეა ამ ხელშეკრულებაში საუბარი, რომელიც საფრანგეთის მხარესთან დაიდო. მაინტერესებს ისიც, თუ რამდენად არის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი შემდგომი წინსვლა ამ მიმართულებით. მექნება კითხვები შეიარაღებული ძალების შესყიდვებთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, მაქვს დაყენებული ინიციატივა და მივწერე წერილი ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელსაც, სადაც ვითხოვ სპეციალური დაცვის სამსახურის საიდუმლო ხარჯების 2013 წლის მასალების გასაჯაროებას. გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის ანალოგიური მასალები არის გასაჯაროებული და მათზე დაყრდნობით წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც ბრალი აქვს წაყენებული მიხეილ სააკაშვილს. ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ 2013 წლის ხარჯვები არის ზუსტად ანალოგიური 2012 წლისა. ეს ყველაფერი განხორციელდებოდა იგივე ბრძანებულების საფუძველზე, რაც განსაზღვრა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, თავისი განკარგულებით. უნდა აღდგეს ბალანსი და მოიხსნას ორმაგი მიდგომა. მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას მოეხსნას ბრალი ან ანალოგიური ბრალი უნდა წარედგინოს ანზორ ჩუბინიძეს და ბიძინა ივანიშვილს და მათთაც უნდა დაუყადაღდეს ქონება”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.