"წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის არც შემოსულობების და არც ხარჯვითი ნაწილი არ მცირდება"

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ის ცვლილებები, რომელიც ბიუჯეტში განხორციელდა სეკვესტრი არ არის, რადგან დაგეგმილი პროექტების შეჩერება არ მოხდება.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, როდესაც ბიუჯეტის ჯამური პარამეტრები არ მცირდება ამას არ შეიძლება სეკვესტრი ეწოდოს.

"წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის არც შემოსულობების ნაწილი არ მცირდება და არც ხარჯვითი ნაწილი. სეკვესტრი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ არის ფული იმის დასაფინასებლად, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ შევამცირეთ ხარჯები, გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლები ყოლილიყო ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტის დეფიციტი. თუ ჩვენ დავარქმევთ ერთი სამინისტროსთვის თანხის შემცირებას და მეორესთვის დამატებას სეკვესტრს, ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში რა ცვლილებებიც გაკეთებულა ბიუჯეტში და აბსოლუტურად ყველა ბიუჯეტში არის, რომელიღაც სამინისტროზე თანხის შემცირება და გადანაწილება. ამიტომ, თუ ჯამური პარამეტრები არ მცირდება ამას სეკვესტრს ნამდვილად ვერ დავარქმევთ", - განაცხადა კაკაურიძემ.

დეპუტატებმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.