ტარიელ ნაკაიძე:   მუსლიმებს სჭირდება მეჩეთი და არა რეზიდენცია და მედრესე

ტარიელ ნაკაიძე: მუსლიმებს სჭირდება მეჩეთი და არა რეზიდენცია და მედრესე

"ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და დასავლეთ საქართველოს მუფთს ბეგლარ ქამაშიძეს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

როგორც ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, "მუსლიმებს სჭირდება მეჩეთი და არა რეზიდენცია და მედრესე". მისივე მტკიცებით, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მუსლიმთა სამმართველოს წევრები მოისყიდეს და უარი ათქმვინეს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაწყებაზე. ნაკაიძე ამბობს, რომ მუფთის ბეგლარ ქამაშიძის დღევანდელი განცხადება შეურაცხმყოფელი იყო, რადგან მორწმუნეები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ, მუფთი კი მეჩეთის მშენებლობის საჭიროებას ვერ ხედავს.

"ფაქტიურად, სახელმწიფომ მის მიერ შექმნილ მუსლიმთა სამმართველოს ათქმევინა უარი მეჩეთის აშენებაზე. საზოგადოება ითხოვს მეჩეთს და ბათუმში მეჩეთის აშენება აუცილებელია. ეს არის გარდაუვალი და ეს არის საქართველოს დემოკრატიის სასწორი. ეს არ არის ვინმეს ახირება, ეს არის ხალხის სურვილი და საჭიროება რომ აშენდეს ბათუმში ერთი მეჩეთი. ამას გვპირდებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ასევე მოქმედი პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მაგრამ მათ მოახერხეს და მოისყიდეს დღეს არსებული მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები. მუფთის დღევანდელი განცხადება იყო უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი. მუფთი ალბათ ვერ ხედავს მეჩეთის ეზოში არსებულ სიტუაციას, ვერ ხედავს პარასკევის ლოცვის დროს რა ხდება მეჩეთის მიმდებარედ. მუფთი, რომელიც მეჩეთშია, ალბათ ვერ ხედავს თავისი მრევლის გასაჭირს, არ იცის, წვიმის დროს როგორ ლოცულობენ მორწმუნეები მეჩეთის ეზოში", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას მეჩეთის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით "დროის გახანგრძლივებას" უწოდებს და აცხადებს, რომ მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი გაფართოება არ მოხერხდება. "დღეს არ ველოდი ბატონი ხაბაძის ასეთ განცხადებას. ერთი წლის წინ ის ამბობდა, რომ არსებულ მეჩეთს გააფართოვებდა. მაშინაც ვამბობდი, რომ გაფართოებაზე საუბარი ნიშნავდა დროის გახანგრძლივებას, თუმცა ამის გარდა, მათ მოახერხეს და მუსლიმების ნაწილს მოაწერინეს ხელი საბუთებზე, რომ მათ არ სჭირდებათ მეჩეთი და სჭირდებათ რეზიდენცია", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

როგორც დღეს ბაირამის ლოცვის შემდეგ მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ განმარტა, თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი. არჩილ ხაბაძის თქმით კი, ბათუმის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი გაფართოებისთვის დეტალური დაპროექტებაა საჭირო.

მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. წელს მარხვა 18 ივნისს დაიწყო და რამაზან ბაირამის დღესასწაულით დასრულდა.