მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. წელს მარხვა 18 ივნისს დაიწყო და დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულით დასრულდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა დილით ბათუმის მეჩეთში რამაზან ბაირამის ლოცვა აღასრულეს. მეჩეთმა მორწმუნეები ვერ დაიტია, რის გამოც მუსლიმების ნაწილს ბაირამის ლოცვა ღია ცის ქვეშ, მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე მოუწია.

რელიგიურ რიტუალს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე უძღვებოდა. მან მორწმუნეებს ბაირამი მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ყველაზე ძვირფასი დღეა ჩვენთვის. ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ თემს მარხვის დასრულებას, ბაირამს. მოწყალების, წყალობის, შეყვარების, ურთიერთდახმარების თვე დასრულდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მორწმუნეები ვიქნებით ყოველთვის ერთად და ერთად ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს. მარხვის თვე არის მოთმენის პერიოდი. მადლობა ღმერთს, რომ მოგვცა მარხვის ძალა, ამინდმაც ხელი შეგვიწყო, არ იყო ძალიან ცხელი დღეები. იმედი მაქვს, მომავალი მარხვებიც ასეთივე იქნება და მრევლი გამრავლდება", - აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ. 

რამაზანი ისლამური მთვარისეული კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმები ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებსა და ფეხმძიმეებს უფლება აქვთ მარხვა დაარღვიონ და წელიწადის სხვა დროს აანაზღაურონ. 

ამ დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.
წელს მარხვა წლის ყველაზე გრძელ დღეებს დაემთხვა. მარხვის საათები 17 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.