დასავლეთ საქართველოს მუფთი - თუ საჭიროება მოითხოვს, მეჩეთი უნდა გაფართოვდეს

დასავლეთ საქართველოს მუფთი - თუ საჭიროება მოითხოვს, მეჩეთი უნდა გაფართოვდეს

სახელმწიფომ დასავლეთ საქართველოს სამუფთოს გადმოგვცა რეზიდენცია და მედრესე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს შვილებს ქართულ ტრადიციულ ფონზე გაიზარდონ და სხვა სახელმწიფოებში რელიგიის სასწავლებლად არ გაედინონ, - ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ თქვა უარი სამუფთომ მეჩეთის აშენებაზე, უპასუხა. 

როგორც მუფთმა განმარტა, თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი. მისი თქმით, სახელმწიფო მუსლიმების გვერდითაა და შეიმუშავებს გეგმას, რომელიც მუსლიმ თემს სჭირდება. ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ ბაირამ დღეს მრევლი ღია ცის ქვეშ იმიტომ ასრულებს ლოცვას, რომ ამ დღეს ყველა მორწმუნე მიდის მეჩეთში სალოცავად და მეჩეთი ვერ იტევს ხალხს. ის იმედოვნებს, რომ როცა გაფართოვდება მეჩეთი, მრევლს ქუჩაში ლოცვა აღარ მოუწევს:

"მეჩეთის მშენებლობაზე უარი არ გვითქვამს, ვთქვით, რომ თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი, გარემონტდეს, მოგვეცეს საშუალება რომ ვილოცოთ, მთავარია, ქუჩაში არ დადგეს ხალხი, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ არ დაეტევა მრევლი მეჩეთში, სახელმწიფო გვიდგას გვერდში და შეიმუშავებს იმას, რაც სჭირდება მუსლიმ თემს. ბაირამია და გინდა თუ არა გარეთ შეასრულებს მრევლი ლოცვას, ამ დღეს ადამიანების უმრავლესობა მოდის მეჩეთში, ზოგიერთები სხვა დღეებში არ ლოცულობენ, მაგრამ ბაირამ დღეს ყველა მოდის სალოცავად. ამიტომ, უფრო მეტია მრევლი. როცა ჩატარდება რესტავრაცია და გაფართოვდება მეჩეთი, გამოლაგდება ის ტერიტორია, სადაც არის რესტორნები და მაღაზიები და თუ კიდევ ერთხელ არ დაეტევა მრევლი, სახელმწიფო არის მუსლიმი თემის გვერდით და თუ საჭირო იქნება მეჩეთსაც ავაშენებთ და მედრესესაც", - აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ. 

მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. წელს მარხვა 18 ივნისს დაიწყო და რამაზან ბაირამის დღესასწაულით დასრულდა. ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა დილით ბათუმის მეჩეთში რამაზან ბაირამის ლოცვა აღასრულეს. მეჩეთმა მორწმუნეები ვერ დაიტია, რის გამოც მუსლიმების ნაწილს ბაირამის ლოცვა ღია ცის ქვეშ, მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე მოუწია.