"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ მაუწყებლის რეიტინგი დაბალია

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია ადასტურებს, რომ მაუწყებლის რეიტინგი დაბალია.

"დაბალი რეიტინგებია. პირველ ადგილზე, ბევრ შემთხვევაში, სხვადასხვა მონაცემებით არის "რუსთავი 2", რაღაც დოზით არის "იმედი", რაღაც ნაწილში მესამე ადგილზე ხან ჩვენ ვართ, ხან არის "მაესტრო", - განაცხადა გოგელიამ პარლამენტში დეპუტატების შესაბამისი კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბადის სტრუქტურა მთლიანად იცვლება, ოქტომბრიდან რამდენიმე განსხვავებული გადაცემა და ახალი პოლიტიკური გადაცემები გავა ეთერში, იქმნება სპეციალური სოციალური ზოლი, რომელიც მიმართული იქნება სოციალურ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე. გოგელიას ინფორმაციით, ასევე კეთდება ინტერნეტ არხი, რომელიც ცალკე არხად განიხილება.

გრიგოლ გოგელიამ დღეს პარლამენტს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2014 წლის ანგარიში წარუდგინა.