თეა წულუკიანი:   ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება ვერ ხერხდება

თეა წულუკიანი: ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება ვერ ხერხდება

ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება ვერ ხერხდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "პროვოკატორში" განაცხადა, რითაც საზოგადოების იმ ჯგუფის შესაბამის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელსაც ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოთხოვნით 100 ათასი ხელმოწერა აქვს შეგროვებული.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, უსაფრთხო დოკუმენტი ვიზალიბერალიზციის გზაზე საქართველოსთვის მიცემული ერთ-ერთი საშინაო დავალება იყო. "პასუხი გაცემულია – ამ ეტაპზე ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება ვერ ხერხდება. ეს არ არის ვინმეს ახირება, უბრალოდ ჩვენ ისეთ რთულ პროცესში ვართ, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გვქონდეს წესრიგში, თუ იმ გზაზე უნდა ვიაროთ, რა გზაზეც ქვეყანა დგას - ეს არის ვიზალიბერალიზაციის გზა. ალბათ მომდევნო მინისტრი თვითონ გადაწყვეტს, მაგრამ სანამ მე ვარ მინისტრი, არ მაქვს უფლება ისეთი რამ გავაკეთო, რაც ხელს შეულის ამ პროცესს. ჩვენ გვაქვს საშინაო დავალების რამდენიმე ბლოკი – პირობითად ასე ეძახიან. პირველი ბლოკი ეხება უსაფრთხო დოკუმენტებს. ეს ის ბლოკია, რომელიც მთლიანად ჩაითვალა შესრულებულად და რიგის სამიტზე გვითხრეს, რომ ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით, დასავლეთ ევროპაში, უკეთესიც კი. იმ პირადობის მოწმობის გაყალბება, რომელიც დღესაა, არის შეუძლებელი. ევროპა არ უშვებს თავის საზღვრებში ადამიანს, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ისეთი ქვეყნიდან, სადაც დოკუმენტების სისტემა არის აუწყობელი. ძველი პირადობის მოწმობები შეიძლება ადვილად გაყალბდეს - იხევა, შეიძლება მასში სხვა ფოტო ჩააკრა. თუ ჩვენ ამ სამყაროში გვინდა შევიდეთ, უნდა მივიღოთ ეს უსაფრთხო დოკუმენტი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ვერ მოისმინა ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რატომ არის ახალი პირადობის მოწმობა საზოგადოების ერთი ჯგუფისთვის მიუღებელი. "არ მინდა, მორჩა" ხომ არ არის? - ეს დოკუმენტი არის ნამდვილად ის დოკუმენტი, რომელსაც შემდეგ ეფუძნება მთელი ელექტრონული სისტემა. ის მოიცავს ადამიანის გვარსა და სახელს, მისამართს, დაბადების ადგილს, თარიღს და მოქალაქეობას. მეტი არაფერი ამ დოკუმენტის უკან არ დგას. რა თქმა უნდა, "ნაციონალებმა" ცუდი პროპაგანდა გასწიეს და თქვეს, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე პირადობის მოწმობა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის უბრალო პირადობის მოწმობა. 142 ათასამდე ადამიანი მოვიდა 2 თვეში, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ უფასო აქცია", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის ინფრმაციით, იმ 100 ათასი ადამიანის ნაწილმა, რომელმაც ალტერნატიული პირადობის მოწმობის მოთხოვნა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა, შიში გადალახა და ელექტრონული მოწმობა აიღო. "ამ ადამიანებიდან ზოგიერთმა, ვინც ჩვენ მოგვმართა, უკვე აიღო ახალი დოკუმენტი, ანუ გადალახა შიში. არის ჯგუფი, რომელიც ამ შიშს არ თუ ვერ ლახავს, არადა შემიძლია ჩემი მოქალაქეები დავარწმუნო, რომ ამაში არც მხეცი და არც სატანის ნიშანია", - განაცხადა წულუკიანმა.

 რაც შეეხება ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოთხოვნით უწყებასთან გამართულ აქციებს, მინისტრის მტკიცებით, ის საპატრიარქოს პოზიციას არ გამოხატავდა. "ეს არ არის საპატრიარქოს პოზიცია. ეს აქცია არ იყო სამინისტროსთვის ან მთავრობისთვის მოწყობილი აქცია", - დასძინა მინისტრმა.