„რაც მალე დასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა, მით მალე შეძლებს საქართველო, დაიბრუნოს ღირსება“

„რაც მალე დასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა, მით მალე შეძლებს საქართველო, დაიბრუნოს ღირსება“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვართან ქართული დროშის ჩამოხსნას ქვეყნის ღირსების შელახვად აფასებს.

მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია საქართველოს ღირსების დაცვა და ამიტომ, რაც მალე დასრულდება მათი მმართველობა, მით მალე შეძლებს საქართველო, დაიბრუნოს ღირსება და შესაძლებელი იქნება, ისე უპასუხონ გამოწვევებს, როგორც ქვეყანას ეკადრება.

„ეს ყველაფერი არის ივანიშვილის კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგი. გუშინ იყო აბაშიძე-კარასინის შეხვედრა და დღეს, უკვე ვიღაც გაზაევი, რუს სამხედროებთან ერთად, შურაცხყოფას აყენებს ქართველ ჟურნალისტებს, საქართველოს მოქალაქეებს და ქართული სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ეროვნული ღირსება, დაიცვას ჩვენი მოქალაქეები. მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოს. დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია საქართველოს ღირსების დაცვა და ამიტომ, მე ვფიქრობ, რაც უფრო მალე დასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა, მით მალე შეძლებს საქართველო, დაიბრუნოს ღირსება და შევძლებთ, ისე ვუპასუხოთ გამოწვევებს, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.