ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებზე ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ

ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებზე ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის შალვა ენუქიძის განცხადებით, წითელუბანში 7 კაციან დაჯგუფებას აინტერესებდა , თუ რა მდგომარეობაში იყო მათ მიერ 10 ივლისს დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შალვა ენუქიძემ განუცხადა, წითელუბანში ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული, სამხედრო ფორმში ჩაცმული 7 პირი რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ამუშავებული იქნა ცხელი ხაზი, ჩართული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რის შემდეგაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სამხედრო ფორმიანები იყვნენ დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის ჯარისკაცები. 7 კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე რობერტ გაზაევი. იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ ადგილზე, მათგან მივიღეთ პასუხი, რომ აინტერესებდათ, თუ რა მდგომარეობაში იყო მათ მიერ 10 ივლისს დამონტაჟებული ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელო ბანერი", - განაცხადა ენუქიძემ.

მისივე თქმით, 7 კაციანმა დაჯგუფებამ ქართული ეროვნული დროშა მოხსნეს.

"ამ ეტაპზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისინი აღნიშნულ მონაკვეთს ტოვებენ. ადგილზე იმყოფება სამხარეო პოლიციის შესაბამისი დანაყოფი, უშუალოდ ხელმძღვანელის მოადგილე", - განაცხადა ენუქიძემ.

მისივე თქმით, ორშაბათს ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მორიგი რიგგარეშე შეხვედრა დაიგეგმა, სადაც შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მწვავე საუბარი გაიმართება.

სოფლების, ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი იყო დამონტაჟებული, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შეიარაღებული პირები რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები და ასევე ოსური სპეცრაზმის წევრები არიან. მათთან ერთად ცოტა ხნის წინ ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი რობერტ გაზაევი გამოჩნდა.

აღნიშნულმა პირებმა მედიის წარმომადგენლების აქციის დროს მოგლეჯილი ბანერის ადგილზე დამონტაჟებული დროშა ჩამოხსნეს.