დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტში "ფუნდამენტური წინააღმდეგობების" არსებობაზე მიუთითებს

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში ფუნდამენტურ და ლოგიკურ წინააღმდეგობებს ხედავს.

"ერთგან წერია, რომ ეროვნული ბანკი და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, ხოლო მეორეგან წერია, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და არც ერთ სხვა ორგანოს არ ემორჩილება. როგორ თავსდება ეს ერთმანეთთან? ხომ შეიძლება აქ დაპირისპირებები მივიღოთ? მყიფეა ჩვენი ფინანსური სისტემა, გარემოა მყიფე. ამბობთ, რომ გარეშე ფაქტორები ზემოქმედებს. გვქონდა ცენტრალიზებული, მუშა ფინანსური სისტემა, რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებდა ჩვენს ფინანსურ, მონეტარულ სტაბილურობას იმ მღელვარე ოკეანეში, რომელიც თავს გვახვევია, ძალიან გამოუცდელი, თოთო სახელმწიფო ინტიტუტებით", - განაცხადა დარჩიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევა კერძო ინტერესების გამო ხდება. მისივე აზრით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები საბჭოურ სტილში ბიოროკრატიული დაწესებულებების გაზრდის სურვილით არის მოტივირებული.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით იმსჯელა. საკანონმდებლო პაკეტის მთავარი სიახლე ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფაა.