„არ მინდა, კომპანიები დაიძაბონ, პირიქით, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას “

„არ მინდა, კომპანიები დაიძაბონ, პირიქით, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას “

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ მომხმარებლები დაიცვას.

„კონკურენციის სააგენტომ კვლევა დაასრულა და ჩვენ, გუშინ პირველადი შედეგები მივიღეთ. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. მე არ მინდა, რომ კომპანიები დაიძაბონ, პირიქით, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ მომხმარებლები, ასევე კომპანიის ინტერესები, მაგრამ უნდა წავახალისოთ ჯანსაღი კონკურენცია. ეს არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული. თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზიები, დავა გაგრძელდება სასამართლოში. მთავრობა ამ პროცესში არ ერევა, ეს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაასრულა. სააგენტომ ხუთი მსხვილი ნავთობკომპანია ჯამში 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. როგორც კონკურენციის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, „ვისოლს“ „რომპეტროლს“, სოკარს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ ჯარიმები დაეკისრა, რადგან ისინი ფასებთან დაკავშირებით შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ბარაბაძის ინფორმაციით, 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში და იზღუდებოდა წარმოება.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყო.