ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მთავარი მოწმის ჩვენება არადამაჯერებელი იყო

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მთავარი მოწმის ჩვენება არადამაჯერებელი იყო

კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადებით, პროკურატურის მთავარი მოწმის ჩვენება არადამაჯერებელი იყო.

როგორც დავით ხაჟალიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმის ჩვენების არადამაჯერებლობის რამდენიმე გარემოება არსებობს.

"მან თქვა, რომ ავტომობილში ვერ დაინახა მესამე პირი ფუთურიძე, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა და დაინახა, რომ იარაღები მანქანაში არ იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ როცა ავტომანქანა "ბეემვე" იყო მისი თვალთახედვის არეში, ჯერ გაიგო ერთი გასროლა, ხოლო შემდეგ ავტომატის ჯერი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მანამ, სანამ ავტომანქანა მისი თვალთახედვის არეში მოხვდებოდა, რა ხდებოდა ავტომობილში და იყო თუ არა ამ მანქანიდან გასროლა ვერ დაინახა. რაც შეეხება საკონტროლო გასროლებს, ცააძესთან მიმართებაში მან მისცა ჩვენება. ჩვენ საქმეში გვაქვს უამრავი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღწერილია როგორ, რა მიმართულებით მოხვდა ტყვიები გარდაცვლილებს. შეფასდება, დაზუსტდება და გამოჩნდება, რომ მოწმე გოგატიშვილი სასამართლოს არასწორ ჩვენებას აძლევს", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ ფრაზა "იმის არ გეშინია, რომ ჩვენი მეგობრები გარეთ არიან?" ცააძის მხრიდან მოწმის მიმართ არ წარმადგენდა მუქარას.

"ცააძის განცხადება მუქარა არ იყო იმის გამო, რომ გოგატიშვილს როცა დაუსვა კითხვა - თუ თქვენ ეს ყველაფერი იცოდით, ამდენი ხანი რატომ არ განაცხადეთ პროკურატურაში, მან უთხრა, რომ თქვენი მეშინოდაო. ცააძემ უპასუხა, "ახლა არ გეშინია, ჩვენი მეგობრები ხომ გარეთ არიან"? და ეს შეკითხვა ლოგიკურიც იყო", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.

სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ივლისს გაგრძელდება.