პროკურორი:   გიორგი ცააძისგან პროკურატურის მთავარ მოწმეზე მუქარა განხორციელდა

პროკურორი: გიორგი ცააძისგან პროკურატურის მთავარ მოწმეზე მუქარა განხორციელდა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების საქმეზე ბრალდებული გიორგი ცააძისგან პროკურატურის მთავარ მოწმეზე მუქარა განხორციელდა , - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოწმის დაკითხვის დროს დაცვის მხრიდან მის მიმართ გამოყენებული იყო ზეწოლის სხვადასხვა ფორმები.

"ეს იყო საუბრის ტონი, გარკვეულწილად მუქარაც, რომ ცააძის მეგობრები გარეთ არიან და ეშინია თუ არა მოწმეს ამის გამო. ჩვენი აღქმით, ეს მუქარა მიზნად ისახავდა მოწმის ჩვენებების დისკრედიტაციას და მის იძულებას ცააძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შეცვლის მიზნით", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ჩვენი ძმაკაცები რომ არიან გარეთ, არ გეშინია? – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოწმე კობა გოგატიშვილს, რომელიც სპეცოპერაციას შეესწრო და აცხადებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს პისტოლეტით ცააძემ ესროლა, რის შემდეგაც ახალგაზრდებს იარაღი და ტყვიები ჩაუდეს.