„ერთი ნაკლი აქვს ამ ციხეს, მას მიშა აკლდა“

„ერთი ნაკლი აქვს ამ ციხეს, მას მიშა აკლდა“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პატიმრების მკურნალობისთვის პირველად ხარჯავს მილიონებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მან დღეს სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულება მოინახულა და მას რევოლუციური უწოდა.

„ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ციხეებში: ადამიანის წამება, გაუპატიურება და მკვლელობა, პირდაპირი მნიშვნელობით. მათზე არავითარი მზრუნველობა არ იყო. მინდა მადლობა გადავუხადო სოზარ სუბარს, რადგან ეს რეფორმები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მის დროს დაიწყო. სახელმწიფო პირველად ხარჯავს მილიონებს პატიმრების მკურნალობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულება კატასტროფული დაწესებულება იყო. ერთ ოთახში 40-მდე პატიმარი იმყოფებოდა.

„დღეს იქ თანამედროვე საავადმყოფო, ბიბლიოთეკა და სპორტული მოედანია. ამ ციხეში ნაკლებად საშიში პატიმრები იმყოფებიან, რომლებიც კარგად იქცევიან. მათ დაადასტურეს, რომ გამოსწორების გზაზე დგანან. ეს იქნება კარგი მოტივაცია სხვებისთვის, რომ ამ ციხეში მოხვდნენ. თუმცა ერთი ნაკლი აქვს ამ ციხეს - მას მიშა აკლდა. მე და თინა ვხუმრობდით, ყველაფერი წინ არის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.