„არცერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას, პროვოკაციული გზით მოახერხოს სიტუაციის დაძაბვა“

„არცერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას, პროვოკაციული გზით მოახერხოს სიტუაციის დაძაბვა“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ ისაუბრა. პრემიერის შეფასებით, ეს არის იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აწარმოა.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც წინა ხელისუფლებამ აწარმოა და რომელსაც ახლა ქვეყანა იმკის. პრემეირის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„რაც შეეხება ე.წ. საზღვრის გადმოწევას და იქ მიმდინარე პროვოკაციულ ქმედებებს, პირველ რიგში, მინდა პოლიტიკოსებს მოვუწოდო, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ასეთ საკითხებს, ვინაიდან, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და არცერთ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რაიმე პროვოკაციული გზით მოახერხოს სიტუაციის დაძაბვა რეგიონში. ეს არის კიდევ ერთხელ შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა. ეს არის 2008 წლის ომის შედეგი. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რუსეთთან მიმართებაში ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„კარგად გახსოვთ, როგორ კონსტრუქციულად და სწორად მოვიქეცით მაშინ, როცა სოჭის ოლიმპიადა გაიმართა. ასე რომ, ჩვენ ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ არასდროს შევურიგდებით ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ სიტუაციის დეესკალაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.